ნათია თურნავა - აშშ-სა და ევროკავშირის ინტერესშია, საქართველო ენერგეტიკულად ძლიერი ქვეყანა იყოს

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელ პიტერ ვიბლერთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველომ უფრო მეტად განავითაროს საკუთარი ენერგეტიკული რესურსები, რაც მას დაეხმარება როგორც ეროვნული ეკონომიკის განვითარებაში, ასევე, ქვეყანა გახდება უფრო მეტად ენერგოდამოუკიდებელი. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ აშშ -სა და ევროკავშირის ინტერესშია, რათა საქართველო ენერგეტიკულად ძლიერი ქვეყანა იყოს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელმაც USAID - ის მისიის ხელმძღვანელთან საქართველოს ენერგოუსაფრთხოებასა და მასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.

მისივე ინფორმაციით, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების, მათ შორის, ჰიდრორესურსების უკეთ ათვისებაზე ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების ხარისხის ასამაღლებლად.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია საქართველოს დასავლელი პარტნიორების, მათ შორის, ევროატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის მხრიდან. მინისტრის თქმით, ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის განუყოფელი პრიორიტეტია.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.