ერთ წლიანი პაუზის შემდეგ, ხვალიდან ბავშვთა გასართობი ცენტრები მუშაობას განაახლებენ, თუმცა შემცირებული რაოდენობით. როგორც ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ბავშვთა გასართობი ცენტრების ასოციაციის ხელმძვანელმა განაცხადა, ბაზარს 50%-ის ვერ უბრუნდება.
გიორგი მთიულიშვილის თქმით, ახლა შეზღუდვები, რომელიც სექტორის ფუნქციონირებას ხელს უშლის, კომენდანტის საათი და შაბათ-კვირას მუშაობის შეზღუდვაა.
,,1-ლი აპრილი არის დღე, რომელსაც მართლა ძალიან დიდხანს ველოდით და როგორც იქნა, დადგა ხელისუფლებასთან შეთანხმებით. გავიხსნებით ყველა რეგულაციის დაცვით, რომელიც სარესტორნო ბიზნესს აქვს და ამას დაემატა რიგი პუნქტები. შეზღუდვა იქნება 40 სტუმარზე მეტზე. მაშინ, როცა რესტორნების შემთხვევაში ზედა ზღვარი 60 სტუმარია. პლიუს ამას, დაგვემატა მშობლებისთვის პირბადის სავალდებულო ტარება ყველგან, გარდა იმ ადგილებისა, სადაც საკვებად დასხდებიან. სხვა ყველა რეგულაცია, ისედაც აპრობირებული იყო ჩვენი სექტორისათვის, იქნება ეს დეზობარიერები, ხელის ხშირი დაბანა თუ სხვა. შეზღუდვებიდან ყველაზე მეტად ახლა ჩვენს სექტორში პრობლემას კომენდანტის საათი და შაბათ-კვირას, მუშაობის შეზღუდვა ქმნის. სწორედ დღის მეორე ნახევრში, სამსახურის მერე სურდათ ხოლმე წვეულებები მშობლებს კვირის დღეებში ან უქმეებზე. ახლა, ეს ორივე შესაძლებლობა წართმეული გვაქვს“-განაცხადა, მთიულიშვილმა.
მისივე თქმით, ბაზარს შეზღუდვების შემდეგ ცენტრების 50% ვეღარ დაუბრუნდა.
,,თბილისში არსებული 100 ცენტრიდან, ველოდით რომ მხოლოდ 20% დაიხურებოდა. ახლა, როცა გახსნის საკითხი დადგა, ჩვენ ვხვდებით მერიის სუბსიდირების პროგრამაში და როცა დეტალური აღრიცხვა გავაკეთეთ და გადავაგზავნეთ, აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 50 ბავშვთა გასართობი ცენტრი გაიხსნება. ბაზარს 50% ვერ უბრუნდება. ეს ნიშნავს, რომ თითო ცენტრზე მიბმული 20 თანამშრომელი დარჩა უსამსახუროდ. ეს არის ამ ყველაფრის ყველაზე მძიმე მხარე.
რაც შეეხება სუბსიდიას, ჩვენ ვხვდებით პაკეტში, რომელიც თბილისის მერიამ დაანონსა. ეს არის რესტორნებისათვის 5 000 ლარიანი ერთჯერადი დახმარების პაკეტი. ეს ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის, თუმცა აქტიური სამუშაოები მიდის ამ კუთხით“- განაცხადა გიორგი მთიულიშვილმა.
რაც შეეხება იმას, გაიზრდება თუ არა ფასები, გიორგი მთიულიშვილის თქმით, ეს მას შემდეგ გამოჩნდება, რაც ცენტრები მუშაობას განაახლებენ.
ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი აპრილიდან ქვეყანაში კიდევ 2 შეზღუდვა მოიხსნება. კერძოდ, მოიხსნება შემდეგი შეზღუდვები:
რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება მიეცემათ საბავშვო გასართობ ცენტრებს; გაიხსნება და საქმიანობას განაახლებენ კინოთეატრები.