Reuters-ის ბრიუსელის ბიურო იუწყება, რომ Google-ის მფლობელი კომპანია Alphabet 25 მლნ დოლარს შეიტანს ევროკავშირის მიერ შექმნილ ახალ ფონდში, რომლის მიზანიც ფეიკ-ნიუსების წინააღმდეგ ბრძოლაა. მედიასაშუალებებისა და ინფორმაციის ევროპული ფონდი გასულ კვირას შეიქმნა.
კომპანიამ ეს გადაწყვეტილება მასიური კრიტიკის შემდეგ მიიღო, რის მიხედვითაც ტექნოლოგიური გიგანტები ონლაინ-დეზინფორმაციის უარყოფისთვის საკმარის ძალისხმევას არ იჩენენ. COVID-19-ის პანდემიამ და გასული წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებმა მედიაში დეზინფორმაციის ბუმი გამოიწვია. სოციალურ ქსელებს ბრალს დებდნენ იმაში, რომ ისინი ამ პრობლემის მოგვარების მიზნით არ აქტიურობდნენ და მარეგულირებელი ორგანოები მკაცრი ზომების მიღებითაც იმუქრებოდნენ.
„გასული წლის გამოწვევების გამო ადამიანებს ბევრ რამეში გარკვევა უჭირდათ და როგორც არასდროს, მათთვის აუცილებელი გახდა ზუსტი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რათა ფაქტები და გამოგონილი ამბები ერთმანეთისგან გაერჩიათ,“ - წერს თავის ბლოგში Google-ის ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებში ბიზნესისა და ოპერაციების განყოფილების ხელმძღვანელი მეტ ბრიტინი.
მედიასაშუალებებისა და ინფორმაციის ევროპული ფონდის დამაარსებლები გალუს გულბენკიანის ფონდი და ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტი არიან. ფონდის ამოცანაა, მოიზიდოს ფაქტების შემსწავლელი მკვლევარები, აგრეთვე, იმ არაკომერციული, საზოგადოებრივ ინტერესებზე ორიენტირებული ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ყალბი ინფორმაციების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთვებიან.
ფონდის პროექტებს შეაფასებს და შეარჩევს ევროპის ციფრული მედიის ობსერვატორია, რომელიც, თავის მხრივ, ევროკომისიის პროექტია და გასულ წელს შეიქმნა. ევროპის ციფრული მედიის ობსერვატორია ფაქტების გადამოწმების სპეციალისტებითა და აკადემიური მკვლევარებით არის დაკოპლექტებული.
მედიასაშუალებებისა და ინფორმაციის ევროპული ფონდი 5 წელი იარსებებს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ