კონიაკის დასახლებაში ახალი ხიდის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, კონიაკის დასახლებაში, ჭედიასა და შუშის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი ხიდის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.

მერიის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოები დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან, ავთანდილ სუდაძესთან და გლდანის რაიონის გამგებელ ბესიკ ქარცივაძესთან ერთად დაათვალიერა.

თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, ახალი ხიდი გლდანის წყალზე, ადიდებული მდინარის გამო დანგრეული ძველი ხიდის ადგილას შენდება. მისივე განცხადებით, მოსახლეობა, რომელსაც რამდენიმე წელია ერთი ქუჩიდან მეორეზე მოსახვედრად შემოვლითი გზით 7 კილომეტრის გავლა უხდება, სულ მალე ახალი ხიდით სარგებლობას შეძლებს.

მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, თანამედროვე ტექნოლოგიებით მშენებარე რკინა-ბეტონის ნაგებობის სიგრძე 21 მეტრია. ხიდის სავალი ნაწილი 7,5 მეტრის, ტროტუარები კი 1 მეტრი სიგანისაა. უკვე გაკეთებულია ხიმინჯები და ბურჯები, დალაგებულია სავალი ნაწილის კოჭები, დასხმულია ფილები, ამოყვანილია ერთი 22 მეტრიანი კედელი. ახალი ხიდის სამშენებლო სამუშაოები დეკემბრის ბოლოს დასრულდება.

პროექტს შპს "ზიმო" ახორციელებს და მისი ბიუჯეტი 733 400 ლარს შეადგენს.