ეკატერინე ტიკარაძე - საერთაშორისო პარტნიორებისგან შენიშვნა მივიღეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინებს ვანსხვავებთ

ჩვენ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან უკვე მივიღეთ შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინებს ვანსხვავებთ. არნაირად არ არის მათგან ეს საკითხი მისასალმებელი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, მსოფლიოში ადამიანებს არ აქვთ არჩევანის უფლება, ისინი უბრალოდ მიდიან, იკეთებენ ვაქცინას და არ არჩევენ მას სახელისა და მწარმოებლის მიხედვით.

ამასთან, ტიკარაძის თქმით, სამინისტრო „ფაიზერისგან“ ელოდება დასტურს, როგორ, რა გრაფიკითა და ფორმატით მიიღებს საქართველო ერთ მილიონ დოზა ვაქცინას.

„ფაიზერთან" და სხვა მწარმოებლებთან გვაქვს აქტიური კომუნიკაცია. „ფაიზერთან" მიმართებით საბოლოო კომუნიკაციის შეჯერება მოხდა ერთ მილიონ დოზაზე, თუმცა, ამ ეტაპზე, მათგან ველოდებით დასტურს როგორ, რა ფორმატით მოგვაწვდიან და რა განრიგი იქნება შემოთავზებული ამ მილიონი დოზის მოწოდებაზე.

რაც შეეხება აცრას, ჩვენ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან უკვე მივიღეთ შენიშვნა, იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინებს ვანსხვავებთ. არნაირად არ არის მათგან ეს საკითხი მისასალმებელი, რადგან მსოფლიოში ყველგან ადამიანებს არ აქვთ არჩევანის უფლება, ისინი უბრალოდ მიდიან, იკეთებენ ვაქცინას და არ არჩევენ მას სახელისა და მწარმოებლის მიხედვით. ვინაიდან ჩათვლილია, რომ ყველა ვაქცინას აქვს ერთნაირად მაღალი ეფექტურობა, ნაკლები ზიანი და მეტი სარგებელი. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მათი მიდგომა.

რაც შეეხება „სინოფარმს", ამაზე გვექნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან დამატებითი კომუნიკაციები და რეკომენდაციების შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას",- განაცხადა ტიკარაძემ.