„გასული წლის ბოლოს, გიორგი გახარიას ადმინისტრაციასთან მიმდინარეობდა კონსულტაციები იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის გაგრძელებაზე და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ადმინისტრაციის პირობებშიც გაგრძელდება ეს პროცესი,“ - ამის შესახებ „არსის“ გენერალურმა დირექტორმა ბესო ორთიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისივე თქმით, სექტორი ამ საკითხს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან პირველივე შეხვედრისას დააყენებს.
„იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამამ წინა წელს ძალიან კარგი როლი შეასრულა. 800 მილიონზე მეტი იყო აკუმულირებული ეკონომიკაში ამ პროგრამით და ამაზე უარის თქმის ფუფუნების უფლება არ გვაქვს. 2020 წლის ბოლოს მთავრობის წინა ადმინისტრაციის პირობებში პროგრამის გაგრძელებაზე კონსულტაციები მიდიოდა. მაშინ მთავარი არგუმენტი ეროვნულ ბანკს ჰქონდა. მათი თქმით, სესხების სუბსიდირების პროგრამის პარალელურად ვერ ახერხებდა მონეტარული პოლიტიკის შერბილებას და სუბსიდირება ლარის კურსზე უარყოფით გავლენას ახდენდა. ჩვენ მაშინვე დავაყენეთ საკითხი - რამდენად ვიყავით დარწმუნებული, რომ პროგრამის შეწყვეტის შემთხვევაში შერბილდებოდა მონეტარული პოლიტიკა და ლარის კურსი უფრო დასტაბილურდებოდა. დღეს ვხედავთ, რომ არ შერბილდა მონეტარული პოლიტიკა და ვიცით, როგორია ლარის კურსიც.
როგორც უკვე ვთქვი, წინა ანუ გიორგი გახარიას ადმინისტრაციასთან მიმდინარეობდა კონსულტაციები ამ პროგრამის გაგრძელებაზე და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი ამ ადმინისტრაციის პირობებშიც გაგრძელდება. ჩვენი სექტორიდან ეს უმთავრესი საკითხი აუცილებლად იქნება დასმული პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან პირველივე შეხვედრისას. ვფიქრობ, მთავრობამ მინიმუმ უნდა განიხილოს ამ პროგრამის გაგრძელება, უნდა შეხედოს იმ სარგებელს რაც ამ პროგრამამ მოიტანა. ხომ ვიცით რა შედეგი გვქონდა 2020 წელს, რა შევიდა ბიუჯეტში ამ სექტორიდან, რა ეფექტი მოგვცა სუბსიდირებამ და როგორ შეიძლება ამაზე უარი ვთქვათ,“-განაცხადა ორთიძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პრეზენტაციაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დააანონსა ბიზნეს სექტორთან მოსალოდნელი შეხვედრები, მათ შორის ცალკეულ სექტორებთანაც. ამასთან, ცნობისთვის, ღარიბაშვილი დღეს უკვე ხვდება ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს.