„ეს განცხადება კიდევ ერთხელ ნიშნავს - რამდენად ფეხებზე კიდიათ ის კომპანიები, რომლებიც არიან მათი პარტნიორები“

„ეს განცხადება კიდევ ერთხელ ნიშნავს - რამდენად ფეხებზე კიდიათ ის კომპანიები, რომლებიც არიან მათი პარტნიორები“ - ასე ეხმაურება რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია „კარფურის“ განცხადებას, რომელიც სუპერმარკეტების ქსელმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც დისტიბუტორი კომპანიების მხრიდან მის წინააღმდეგ დაგეგმილი სასამართლო დავის წამოწყების შესახებ გახდა ცნობილი.

„ეს განცხადება კიდევ ერთხელ ნიშნავს რამდენად ფეხებზე კიდიათ ის კომპანიები, რომლებიც არიან მათი პარტნიორები. ძალიან მარტივად შემიძლია ვუპასუხო მათ განცხადებას - თუ თქვენი მხრიდან მზაობა იქნება, შემიძლია ვთხოვო კომპანიებს და ის ინფორმაცია, რომელიც აქვთ ამ ხელშეკრულების კაბალურ პირობებთან დაკავშირებით, მოგაწოდოთ. სხვათა შორის, ძალიან საინტერესოა, რომ ხელშეკრულება ორ ენაზეა შედგენილი და დომინანტია ინგლისური, მაგრამ როდესაც შინაარსობრივად ინგლისური რიგ პუნქტებში ქართულისგან განსხვავდება, რას ნიშნავს? ანუ მატყუებ ჩემ ქვეყანაში?!,“-აცხადებს ჭყონია.

შეგახსენებთ, რომ დისტრიბუტორი და მწარმოებელი კომპანიები მიმდინარე კვირის ბოლომდე სასამართლოში „კარფურის“ წინააღმდეგ დავის დაწყებას აანონსებს. არსებული ინფორმაციით, სასამართლოში უკვე შესულია 4 კომპანიის სარჩელი, კვირის ბოლომდე კი მათი რიცხვი ათამდე გაიზრდება. როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ივა ჭყონიამ "ბიზნესპრესნიუსს" განუცხადა, არის შემთხვევები, როცა კომპანიებს "კარფურმა" 12 000 ლარის ნაცვლად 600 ლარი ჩაურიცხა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია "კარფურმა" „ბიზნესპრესნიუსს“ ტექსტის სახით მიაწოდა. მათ განცხადებაში საუბარია ქსელის საქართველოში შემოსვლისა და განვითარების მცირე ისტორიაზე. არსებულ დავასთან დაკავშირებით, კი ქსელის პოზიცია დაფიქსირებულია განცხადების ბოლოს, სადაც აღნიშნულია, რომ „კარფური საქართველოში შემოსვლის დღიდან საერთაშორისო პრაქტიკაში არსებული მაღალი სტანდარტებითა და ყველა ადგილობრივი კანონისა თუ რეგულაციის დაცვით ოპერირებს. ამასთან, ადგილობრივ თუ საერთაშორისო მომწოდებლებთან კარფურის მრავალწლიანი პარტნიორობის საფუძველს წარმოადგენს ხელშეკრულება, რომელიც განმარტებული, შეთანხმებული და ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ. კარფური არ დათანხმდება დაუსაბუთებლად ფასების ზრდას და განაგრძობს ყველა მომხმარებლის მსყიდველობითუნარიანობის დაცვას“.

თაია არდოტელი