ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები საგრძნობლად გაიზარდა, „კომენდანტის საათის“ გაუქმება სწორი არ იქნება. როგორც მან განაცხადა, აღნიშნული საკითხი ადრე განიხილებოდა, თუმცა ამ ეტაპზე ამ შეზღუდვის მოხსნა მიზანშეწონილი არ არის.
„დაახლოებით ერთი კვირის წინ „კომენდანტის საათის“ გაუქმებაზე საუბარი იყო, მაგრამ ახლა, როდესაც ინციფირების შემთხვევებმა 600-ს გადააჭარბა, „კომენდანტის საათის“ გაუქმებას მიზანშეწონილად ვერაფრით ჩავთვლით, მითუმეტეს, რომ ეს ფაქტობრივად ერთადერთი შეზღუდვაა, სხვა ყველაფერი გაუქმებულია. ახლა, როდესაც ინფიცირების შემთხვევებმა ზრდა დაიწყო, ჩვენ ამას „კომენდანტის საათის“ მოხსნით არაადეკვატურად ვუპასუხოთ, სწორი არ იქნება“,-განაცხადა ცერცვაძემ.
ის ასევე ვაქცინაციის პროცესში ცნობადი სახეების ჩართულობის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს სანდობიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
“ცნობადი სახეების აცრა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მათმა აცრამ გამოიწვია სწორედ იმ უნდობლობის შემცირება, რაც ვაქცინაციის მიმართ იყო. მიმაჩნია, რომ კარგად იმუშავა სამედიცინო სექტორმა, როდესაც დადო მტკიცებულებები, რომ ეს სასიკვდილო შემთხვევა შეიძლება იყოს 200 ათასში ან მილიონში ერთხელ. არ შეიძლება ამან პროცესი შეაფერხოს, ვინაიდან რისკის და სარგებლის შეფარდება აშკარად სარგებლის სასარგებლოდ არის“,-განაცხადა ცერცვაძემ.
მისი თქმით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით 8 ქვეყნის ლიდერი აიცრა, მათ შორის ინგლისის, საფრანგეთის, სლოვენიის, უკრაინის პრემიერები და ა.შ.
„ჩვენმა პრეზიდენტმა პირველ დღეებში უდიდესი საქმე გააკეთა, როდესაც აიცრა. ამას უკვე მოჰყვა პოზიტიური რეაქციაც“,-განაცხადა ცერცვაძემ.
მან ასევე ჯანაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მიერ საჯაროდ აცრა დადებითად შეაფასა.