Lego-ს სათამაშოების ქურდობა გლობალური ბიზნესია

The Guardian წერს, რომ კომპანია Lego-ს კონსტრუქტორი სათამაშოების ქურდობას და მოპარული სათამაშოებით ვაჭრობას გლობალური სახე აქვს. საფრანგეთის პოლიციას Lego-ს სათამაშოების ქურდებისთვის საერთაშორისო ბანდის გამოვლენის მიზნით სპეციალური გამოძიებაც აქვს დაწყებული. პოლიციამ სათამაშოების მაღაზიები და მშობლებიც კი გააფრთხილა იმის შესახებ, რომ არსებობს Lego-ს მოპარული კონსტრუქტორი სათამაშოებით ვაჭრობის გლობალური ქსელი.

გასული წლის ივნისში პარიზის მახლობლად, ქალაქ იველინში ლეგოს სათამაშოების ქურდობის ფაქტზე საფრანგეთის პოლიციამ 3 პირი დააკავა. სამივე პოლონეთის მოქალაქე იყო, რომლებმაც გამოძიებასთან აღიარეს, რომ Lego-ს კონსტრუქციების ქურდობაზე სპეციალიზირებული გლობალური კრიმინალური დაჯგუფების წევრები იყვნენ.

Lego-ს საკოლექციო ნივთების ონლაინ-აუქციონის პლატფორმის კონსულტანტი ჰერბ ვან აიკენი აცხადებს, რომ გასულ წელს ფრანგულ ვებ-გვერდზე გაყიდვები გაორმაგდა.

„ასეთ ნაკეთობებში ინვესტიციები სიახლეს არ წარმოადგენს, მაგრამ ამ ნიშაში ბაზარმა ახალ სიმაღლეებს პანდემიის დროს მიაღწია. ადმიანები დროის უმეტეს ნაწილს სახლში ატარებენ და სათამაშოების ბაზარიც სწრაფად იზრდება. კვირაში Lego-ს 1000-ზე მეტ სათამაშოს ვყიდით,“ - აცხადებს ჰერბ ვან აიკენი.

აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში ბოლო 5 წლის განმავლობაში Lego-ს სათამაშოების ქურდობის მრავალი ფაქტი დაფიქსირდა. ეს დანაშაულებები გლობალურ ბიზნესზე მიუთითებს.

2005 წელს სან-დიეგოს პოლიციამ ქალების ჯგუფი დააკავა, რომელსაც 200 ათასი ევროს ღირებულების Lego-ს სათამაშოები აღმოაჩნდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ