გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კერძო სადაზღვევო კომპანიების, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სადაზღვევო ასოციაციის წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე აგროდაზღვევის განვითარების სტრატეგიის პროექტი განიხილა.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, აგროდაზღვევა არის დაცვის ინსტრუმენტი, რომელიც ფერმერებისთვის საქმიანობას პროგნოზირებადს ხდის. წლებია ეს პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და მისი დახვეწა მუდმივად ხდება.
„სამინისტრომ, ჩვენი შესაბამისი სტრუქტურების ჩართულობით, აგროდაზღვევის განვითარების სტრატეგია მოამზადა. დოკუმენტს უკვე შეჯერებული პოზიციებით დავამტკიცებთ. ჩვენი ამოცანაა, რომ მასში საქართველოს ყველა რეგიონი და ფერმერთა დიდი ნაწილი ჩაერთოს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
„სტრატეგიული დოკუმენტის შექმნა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მთავრობამ, ბიზნესმა, ფერმერმა იცოდნენ ის ძირითადი მიმართულებები და აქცენტები, თუ როგორ უნდა განვითარდეს სოფლის მეურნეობა და, შესაბამისად, აგროდაზღვევა“, - განაცხადა სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა, დევი ხეჩინაშვილმა.
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, დავით ონოფრიშვილის განცხადებით, საერთაშორისო გამოცდილება და საქართველოში არსებული აგროდაზღვევის შვიდწლიანი პრაქტიკა გვიჩვენებს, თუ რა არის საჭირო იმისათვის, რომ კონკურენცია სადაზღვევო ბაზარზე იყოს ჯანსაღი.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, აგროდაზღვევის სტრატეგიის პროექტის ძირითადი მიმართულებები მოიცავს დაზღვეული სასოფლო-სამეურნეო კულტურების ფართობის ზრდას, რისკების მართვის თანამედროვე მექანიზმების გამოყენებას და ზარალის შეფასების ახალი სისტემის შემუშავებას.
მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო აგროდაზღვევა 2014 წლიდან მოქმედებს. პროგრამა შესაძლებლობას აძლევს ფერმერებს კლიმატური რისკებისგან დაიცვან საკუთარი მოსავალი. აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, 2014 წლიდან 2020 წლამდე პერიოდში, გაცემულია 115 ათასზე მეტი პოლისი, დაზღვეულია 100 ათას ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი, სულ სადაზღვევო პრემიამ შეადგინა 69.7 მილიონი ლარი, საიდანაც სააგენტოს თანადაფინანსება 48 მილიონი ლარია.