მიზეზები, რის გამოც სუპერმარკეტში პროდუქტებზე ფასები გაიზარდა

ბოლო პერიოდში, საზოგადოების ერთ-ერთ მთავარ განსახილველ თემას საკვებ პროდუქტებზე გაზრდილი ფასები წარმოადგენს, რომელიც თითეული მოქალაქის ბიუჯეტს მძიმე ტვირთად აწვება.

რა პროცესებია პასუხისმგებელი სურსათის გაძვირებაზე და რას უნდა ველოდოთ მომავალში?

ამის გასარკვევად „ბიზნესპრენიუსი“ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციასა და სასურსათო ქსელური მარკეტების გაერთიანებას რითეილ ასოციაციას დაუკავშირდა.

მათ მიერ გაკეთებული განმარტებების თანახმად, საკვები პროდუქტების გაძვირებაზე იმოქმედა:

  • ლარის გაუფასურებამ;
  • საწვავის გაძვირებამ;
  • იურიდიული პირების ნაწილისთვის კომუნალური ხარჯების ზრდამ;
  • საერთაშორისო ბაზარზე პროდუქციის გაძვირებამ.

ხარჯები გაუძვირდა როგორც დისტრიბუტორებს, ისე საცალო მოვაჭრეებს. როგორც დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია განმარტავს, ფასების ზრდის ძირითად 2 მიზეზს საერთაშორისო ბაზარზე ფასების ცვლილება და ლარის გაუფასურება წარმოადგენს. მისივე თქმით, ლარის გამყარებას შეიძლება მოჰყვეს ფასების დასტაბილურებაც.

„ფასების ზრდას აქვს 2 მიზეზი: საერთაშორისო ბაზარზე ფასის ცვლილება, მაგალითად, ზეთისა და ხორბლის შემთხვევაში და სხვა დანარჩენი არის პირდაპირ ლარზე მიბმული, ლართან არის დაკავშირებული.

მაგალითად, ზეთის შემთხვევაში, საერთაშორისო ბაზარზე ზოგადად, პროდუქტზე მოთხოვნაა გაზრდილი, ამდენი მოსავალი არ არის, რაც თავისთავად გამოიწვევს ფასების ზრდას. გარდა ამისა, საქართველოში რაც კი შემოდის ყველაფერი, მათ შორის ადგილზე წარმოებულ პროდუქციას რაც სჭირდება, ის ნედლეულიც არის იმპორტირებული. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მაგალითად რითეილერებმა გაზის გადასახადი ხომ უნდა გადაიხადონ, რასაც გათბობისთვის ხარჯავენ, ელექტროენერგია ხომ უნდა გამოიყენონ მაცივრებისთვის, შესაბამისად, იძულებულები იქნებიან, ეს ყველაფერი მარჟაში ასახონ. აგრეთვე, იმპორტიორ კომპანიას, რომელსაც ფასი ჰქონდა დათვლილი 3.30 ნიშნულზე, დღეს არის 3.50, ხვალ გახდება 3.60 და გარდა იმისა, რომ მას ფასის აწევა უწევს, არ იცის, რა ზედა ზღვარი დაიჭიროს და რიგ შემთხვევაში, საკმაოდ კოლოსალურ ზარალთან არის საქმე“, - განმარტა ივა ჭყონიამ.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა საწვავის ფასის ცვლილებაზეც, რომელიც ბიზნესს ხარჯებს მნიშვნელოვნად უზრდის.

„რაც ბოლო წლების განმავლობაში ხდებოდა, მოხდება იგივე, აქ ახალი არაფერი არ არის, უბრალოდ ამას თან ერთვის საერთაშორისო ბაზარზე ფასის ცვლილება. მათ შორის, მინდა, ხაზი გავუსვა საწვავის ფასის ზრდას, რაც ნამდვილად აძვირებს პროდუქტს, რადგან ყველაფერი პირდაპირ არის საწვავზე მიბმული, იქნება ეს სადისტრიბუციო თუ მწარმოებელი კომპანია. გაძვირდება საერთაშორისო გადაზიდვებიც, რადგან ბარელ ნავთობზე ფასი გაზრდილია და ამას ემატება ლარის გაუფასურება. ჩემი ვარაუდით, ალბათ საწვავის ფასიც უახლოეს მომავალში 3 ლარს ასცდება“, - განმარტა მან.

„რითეილ ასოციაციაში“ განმარტავენ, რომ თითოეული ქსელური მაღაზია ცდილობს, მომხმარებელს დაბალი ფასი და კარგი პირობა შესთავაზოს. ფასების მატება კი „კონკრეტულად სუპერმარკეტებში არ ხდება, ვინაიდან კონკურენცია მაღალია და მომხმარებელი ფასის მიმართ მეტად სენსიტიურია“.

„პროდუქციის ფასი ძვირდება საერთაშორისო ბაზარზე, რაც ბუნებრივია ზრდის კონკრეტული პროდუქციის ფასს და იმის ფასსაც, რაშიც ეს კონკრეტული პროდუქტი გამოიყენება, როგორც ინგრედიენტი - ანუ იზრდება პროდუქციის თვითღირებულება. როდესაც პროდუქციის თვითღირებულება იზრდება, ბუნებრივია, დახლზე პროდუქციის ფასიც იზრდება. ასევე აღსანიშნავია საწვავის გაძვირება, რომელიც თავის მხრივ აისახება ლოჯისტიკურ ხარჯებზე რაც ბუნებრივია საბოლოო ჯამში პროდუქციის ფასში იყრის თავს. გაზრდილი კომუნალური ტარიფები საცალო მოვაჭრეების დიდი ფიქსირებული ხარჯია, რომელიც რა თქმა უნდა, ზრდის მაღაზიის ოპერირების ხარჯებს და ცვლის ხარჯის სტრუქტურას, რომელიც საბოლოო ჯამში ისევ პროდუქციის ფასში აისახება.“, - განმარტეს რითეილ ასოციაციაში.

მათივე თქმით, მნიშვნელოვანია განისაზღვროს კონტროლის მექანიზმები, რომ პროდუქციაზე ფასის ზრდის ტენდენცია შევაფერხოთ.