Glovo ევროპაში სერვისს აფართოებს

სწრაფი მიწოდების ესპანურმა აპლიკაცია Glovo-მ საინვესტიციო რაუნდში 450 მლნ ევრო (528 მლნ დოლარი) დააგროვა, რასაც კომპანია ევროპის მასშტაბით სწრაფი სერვისისა და სასურსათო საქმიანობის გაფართოებას მოახმარს.

გავრცელებულ განცხადებაში კომპანია თავის ახალ ინვესტორებად ამერიკულ Lugard Road Capital-სა და Luxor Capital Group-ს, აგრეთვე, მიწოდების გერმანულ აპლიკაციებს - Delivery Hero SE, Drake Enterprises და GP Bullhound-ს ასახელებს.

მოზიდულ თანხას Glovo, კონკრეტულად, Q-Commerce-ის განყოფილების გაფართოებას მოახმარს. Q-Commerce-ის სერვისში, პროდუქტებისა და შერეული საქონლის მიწოდების გარდა, შედის ე.წ. ბნელი მაღაზიები, რომლებიც შერეული საქონლის ერთგვარი საწყობებია და რაც კომპანიას შეკვეთების სწრაფად შესრულებაში ეხმარება. „ბნელი მაღაზიები“ „ბნელი სამზარეულოების“ ანალოგიური პროექტია. „ბნელი სამზარეულოები“ იმ რაიონებშია განთავსებული, სადაც რესტორნები ხელმისაწვდომი არაა და კომპანიას შეკვეთილი საკვების დასამზადებლად და მისამართზე სწრაფად მიწოდებისთვის სჭირდება.

Glovo პასუხისმგებლობას იღებს, რომ ევროპის მსხვილ ქალაქებში, სადაც Q-Commerce-ის ქსელი მოქმედებს, ნებისმიერ შეკვეთას 10 წუთში განახორციელებს.

წლის ბოლოსთვის კომპანია 200 „ბნელი მაღაზიის“ გახსნას გეგმავს, რაც 2021 წლის დასაწყისთან შედარებით 20-ით მეტია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ