ფოთის აჭარა ტექსტილი დროებით იკეტება. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა გია ლომინაძემ განუცხადა. ამის მიზეზი თანამშრომლების კორონავირუსით ინფიცირებაა. კერძოდ, როგორც გია ლომინაძე განმარტავს, გუშინდელი მონაცემებით, ფოთის „აჭარა ტექსტილში“ 29 ადამიანს დაუდასტურდა კორონა, დღეს კი დამატებით 10 ადამიანს.
„გუშინდელი მონაცემებით, ჩვენთან ინფიცირებული იყო 29 ადამიანი, რის შემდეგაც ყველა თანამშრომელი ახლიდან გავტესტეთ. დღეს პასუხების ნაწილი უკვე გვაქვს და დაემატა კიდევ 10 ადამიანი. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფოთის „აჭარა ტექსტილი 10 დღით შეაჩერებს საქმიანობას“,- განაცხადა გია ლომინაძემ.
ცნობისთვის, კომპანიას ბათუმსა და ქობულეთშიც აქვს სამკერვალოები. გასული წლის სექტემბერში კორონავირუსის გამო, „ აჭარა ტექსტილის“ საწარმო დროებით ქობულეთშიც დაიხურა.