ეროვნული ბანკი - მოსახლეობაში მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და საფინანსო პროდუქტების შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის მუშაობა მიმდინარეობს

საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობაში მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და საფინანსო პროდუქტების შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის კვლავ აქტიურად მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სს საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველოსა და სისტემური ბანკების (თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი, ლიბერთი ბანკი) აქტიური მონაწილეობით, 2021 წლის თებერვლიდან ახალი პროექტი დაიწყო.

„აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სისტემური ბანკები "ჩემი კრედიტინფოს" სერვისის რეგისტრაციას თავის მომხმარებლებს ციფრული არხების მეშვეობით - ინტერნეტ/მობაილ ბანკი - სთავაზობენ.

"ჩემი კრედიტინფოს" სერვისით სარგებლობისას მომხმარებელს საშუალება ექნება საკრედიტო ანგარიშის ამონაწერი წელიწადში სამჯერ უფასოდ მიიღოს. სერვისის გააქტიურების შემდეგ, ბანკი, მომხმარებლის თანხმობით, სს საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველოს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს გადასცემს, რის შემდეგაც მომხმარებელი მოკლე ტექსტური შეტყობინებით "ჩემი კრედიტინფოს" გვერდზე ავტორიზაციისთვის საჭირო ინფორმაციას მიიღებს.

ავტორიზაციის შემდეგ ნებისმიერ პირს საშუალება ექნება მიიღოს საკრედიტო ანგარიშის ამონაწერი, რომელიც სრულად მოიცავს იმ მონაცემებს, რასაც საკრედიტო საინფორმაციო ბიურო აგროვებს და საკრედიტო ორგანიზაციებისთვის ხელმისაწვდომია.

აღსანიშნავია, რომ უფასო საკრედიტო ანგარიშის ამონაწერი არ მოიცავს ბიუროს მიერ დამატებით დამუშავებულ ინფორმაციას, როგორიცაა, მაგალითად, საკრედიტო ქულა, რეიტინგი. მათი ნახვა მომხმარებელს "ჩემი კრედიტინფოს" სხვა დამატებითი სერვისების გააქტიურების შემთხვევაში შეუძლია. მითითებულ ინფორმაციაზე წვდომა მომხმარებლებს მათ შესახებ არსებული საკრედიტო ინფორმაციის დეტალურად გაანალიზებაში დაეხმარება. საკრედიტო ანგარიშის ამონაწერში აღმოჩენილი უზუსტობის შემთხვევაში, მომხმარებლებს ინფორმაციის გასწორების მიზნით შეუძლიათ მომსახურე ბანკს, სს საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველოს ან ეროვნულ ბანკს მიმართონ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.