დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების გაზრდის ფონზე, „კომენდანტის საათი“ არ უნდა მოიხსნას. როგორც მან განმარტა, ამ შეზღუდვის მთავარი მიზანი მობილობის შემცირებაა.
„ამ ეტაპზე „კომენდანტის საათის“ გადაწევის რეკომენდაციას ჩვენი ცენტრი ვერ გასცემს. ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სტაბილური არ არის და გაუარესების ტენდენციაა. „კომენდანტის საათის“ დროს მთავარი მიზანი არის მობილობის შემცირება. ეს ინფექციის გავრცელების შენელების ერთ-ერთი მთავარი იარაღია“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მან ასევე არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, კლასტერულ უბნებში წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდეს.
„რაც შეეხება წერტილოვან შეზღუდვებს, სადაც კლასტერები გვაქვს, შეიძლება წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების საკითხი განხილული იყოს“, - განაცხადა გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატარა იმნაძის თქმით კი, რადგან მოსახლეობა წესებს არ იცავს, დღეს „კომენდანტის საათის“ შენარჩუნება ერთადერთი ბერკეტია.
„დღეს ერთადერთი ბერკეტი ეს არის დარჩენილი, რადგან სამწუხაროდ, პირბადის ტარების და დისტანციის დაცვის წესს არ ვიცავთ, დღეს ესეც რომ არ იყოს, ზუსტად 2-3 კვირაში ნოემბრის მონაცემებზე დავბრუნდებით“,-განაცხადა იმნაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის შეფასებით კი, ახლა ყველა შეზღუდვის ერთად მოხსნის დრო არ არის.
„ახლა უკვე კლასტერები გვაქვს საკმაოდ მოზრდილი, ამ კლასტერები შემდეგი ეტაპი არის ვირუსის საყოველთაო გავრცელება. შესაბამისად, ახლა თუ არ მოვეგეთ გონს და ძალიან ინტენსიურად არ დავიწყეთ ყველამ ნიღბის ტარება, დისტანცის დაცვა და იმ შემზღუდავი ღონისძიების აღსრულება, რომელიც ზოგადად მოწოდებულია, ნამდვილად მივიღებთ სიტუაციის ძალიან დამძიმებას, რომელიც არავისთვის სახარბიელო არ არის. ახლა არ არის ყველანირი შეზღუდვის ერთიანად მოხსნის დრო“,-განაცხადა ზახაშვილმა.