მდუმარე დეპუტატები პარლამენტში - რომელი დეპუტატები არ გამოსულან სიტყვით არცერთხელ

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მე-9 მოწვევის პარლამენტის საქმიანობას აფასებს. მათი ცნობით, მე-9 მოწვევის პარლამენტმა საკონსტიტუციო რეფორმა განახორციელა და ქვეყანა სრულად გადავიდა საპარლამენტო მართვის მოდელზე. პარლამენტს საკანონმდებლო და მაკონტროლებელი ფუნქციის შესრულება მოუწია საგანგებო მდგომარეობის დროსაც და დაძაბული პოლიტიკური მოვლენების ფონზე, რამაც კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინა ის ხარვეზები, რაც არაერთი წელია ვლინდება პარლამენტის საქმიანობის პროცესში.

როგორც შეფასებაშია აღნიშნული, საკანონმდებლო ნორმების გაუმჯობესება დადებითად აისახა საპარლამენტო კონტროლის განხორციელების პრაქტიკაზე. თუმცა, პროგრესის მიუხედავად, კვლავ პრობლემად რჩება, საპარლამენტო კონტროლის განხორციელების პროცესში ოპოზიციის როლი, როგორც დეპუტატების, ასევე მთავრობის წევრთა ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის საკითხები.

მე-9 მოწვევის პარლამენტში ოპოზიციის ინიციატივით პირველად შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია, თუმცა პარლამენტმა კომისიის დასკვნა არ გაიზიარა.

როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, პარლამენტში ჩატარდა 230 პლენარული სხდომა (მათ შორის - 5 საგანგებო და 47 რიგგარეშე). კვორუმის არარსებობის გამო პლენარული სხდომა არ ჩაშლილა. 4 წლის განმავლობაში პარლამენტმა მიიღო 2204 კანონი, აქედან ყველაზე მეტჯერ მთავრობის ინიციატივებს დაუჭირა მხარი.

მიმოხილვაში ასევე საუბარია, იმ დეპუტატებზე, რომლებიც პასიურობდნენ და მეტიც, სიტყვით გამოსვლის უფლებით ერთხელაც კი არ უსარგებლიათ. კერძოდ, მეცხრე მოწვევის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლია 20 დეპუტატს. ესენი არიან:

რუსლან გაჯიევი, ვალერი გელაშვილი, პაატა გოგოხია, ელგუჯა გოცირიძე, მახირ დარზიევი, მუხრან ვახტანგაძე, ჯუმბერ იზორია, ზაზა კედელაშვილი, თეიმურაზ კოხრეიძე, იოსებ მაკრახიძე, სამველ მანუკიანი, ენზელ მკოიანი, რომან მუჩიაშვილი, რამაზ ნიკოლაიშვილი, დიმიტრი სამხარაძე, ერეკლე ტრიპოლსკი, გოდერძი ჩანქსელიანი, ირაკლი ხახუბია, ვიქტორ ჯაფარიძე, ლევან ბეჟანიძე.

შედარებისთვის, ზაზა კედელაშვილს, ენზელ მკოიანსა და რამაზ ნიკოლაიშვილს არც მერვე მოწვევის პარლამენტში უსარგებლიათ სიტყვით გამოსვლის უფლებით.

თაია არდოტელი