„კინო აწი იწყება - ეკონომიკური სანქციები, დაფინანსების გაჩერება, შეხვედრების გაუქმება“

„საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ეხმაურება ევროპარლამენტარების განცხადებას, ფონდებიდან სახსრების შემდგომი გამოყოფის შეჩერების მოწოდებაზე.

კეპულაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ვინმეს ჰქონდა ილუზია, რომ ევროკავშირი და აშშ მოლაპარაკებების ჩაშლას ასე ურეაქციოდ დატოვებდნენ? კაი, არ გამოდის, გავანებოთ თავიო. არა, მეგობრებო, კინო აწი იწყება - ეკონომიკური სანქციები, დაფინანსების გაჩერება, შეხვედრების გაუქმება და ა.შ. ისედაც ღრმა კრიზისში მყოფ ქვეყანას, რას მოუტანს ეს, ყველა ვხვდებით. ვინმეს არც ის ეგონოს, რომ ოპოზიციის "გაჯიუტების" ბრალია ეს სანქციები. პასუხისმგებელი ქვეყანაზე არის ხელისუფლება და კეთილი ინებოს, მიხედოს,“-წერს კეპულაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა ევროპარლამენტარების განცხადება, რომელშიც ისინი წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ საქართველოში პოლიტიკურმა ლიდერებმა ევროკავშირის მედიატორის კრისტიან დანიელსონის წინადადებაზე უარი თქვეს.

„ევროპარლამენტის მხრიდან იქნება განსაკუთრებული მოწოდება, რომ მომხდარს შედეგები მოჰყვეს ფინანსური დახმარების კუთხით, მათ შორის, იქნება მოწოდება ფონდებიდან სახსრების შემდგომი გამოყოფის შეჩერებისკენ და პირობითობის ზრდისკენ, რაც დაკავშირებულია ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარებისა და ბიუჯეტის მხარდაჭერის პროგრამებთან,“- ნათქვამია წინადადებაში.

თაია არდოტელი