Nike-ის სარჩელი „სატანური ფეხსაცმლის“ აკრძალვაზე ფედერალურმა სასამართლომ დააკმაყოფილა

Reuters-ის ცნობით, აშშ-ს ფედერალურმა სასამართლომ სპორტული სამოსისა და ინვენტარის მწამროებელი კომპანია Nike-ის სარჩელი დააკმაყოფილა. სასამართლომ ბრუკლინულ კომპანია MSCHF Product Studio-ს ე.წ. სატანური ფეხსაცმლის გაყიდვა აუკრძალა. როგორც ცნობილია, კრეატიულმა კომპანია MSCHF Product Studio-მ ამერიკელ რეპერ Lil Nas X-თან თანამშრომლობით Nike Air Max 97-ს ბოტასის მოდელზე ინდივიდუალიზირებული ვერსია შექმნა და მას „სატანური ფეხსაცმელი“ უწოდა. Nike-ში აცხადებდნენ, რომ MSCHF Product Studio-მ ეს Nike-ისგან არასანქცირებულად გააკეთა და კომპანიას „სატანურ ფეხსაცმელთან“ საერთო არაფერი ჰქონდა.

აშშ-ს საოლქო მოსამართლე ერიკ კომიტმა ბრუკლინში გადაწყვეტილება Nike-ის მიერ სარჩელის შეტანიდან 3 დღეში მიიღო.

Nike Air Max 97-ს ბოტასის ახალი ვერსია სახელწოდებით „სატანური ფეხსაცმელი“ სპეციალურად ე.წ. ბიბლიური მხეცის ნიშნის რაოდენობით - 666 წყვილი გამოუშვეს. დიზაინი შავ-წითელი ფერებითაა გადაწყვეტილი. MSCHF Product Studio-ში ამტკიცებდნენ, რომ „სატანური ფეხსაცმლის“ ძირების შემადგენლობა წითელი საღებავის გარდა, ადამიანური სისხლის წვეთსაც შეიცავს. გარდა ამისა, ბოტასზე გაკეთებულია მინაწერი „Luke 10:18“, რაც მიანიშნებს ლუკას სახარების მე-18 იგავის შემდეგ სიტყვებზე: „ვუყურებდი სატანას, ელვასავით რომ ვარდებოდა ზეციდან“. პროდუქტის ფასიც - 1018 დოლარი სწორედ ამ ციფრებისგან არის შედგენილი.

თავად რეპერი Lil Nas X, რომელიც Old Town Road ჰიტით არის ცნობილი, საქმის ფიგურანტი არაა. გავრცელებულ ვიდეოში მან საზოგადოებას შექმნილი გაუგებრობის გამო მოუბოდიშა კიდეც. მოპასუხე მხარე MSCHF Product Studio აცხადებს, რომ „კომპანიას აზრის გამოხატვის თავისუფლების მტკიცედ სჯერა“

„ჩვენ Nike-თან და სასამართლოსთან ვითანამშრომლებთ, რომ ეს საქმე მოკლე ვადაში დასრულდეს“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. MSCHF Product Studio-ში მიიჩნევენ, რომ „სატანური ფეხსაცმელი“ უბრალო ბოტასი კი არა, „ინდივიდუალური ნიშნების მატარებელი ხელოვნების ნიმუშია“. ეს ვერსია გაგრძელებაა ე.წ. იესოს ფეხსაცმლის სერიისა, რომელიც კომპანიამ იმავე Nike Air Max 97 მოდელის მოდიფიკაციით 2019 წელს შექმნა.

სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით MSCHF Product Studio-ში აცხადებენ, რომ გაყიდვების აკრძალვაზე განაჩენის გამოტანა აუცილებელი არ იყო, რადგან „სატანური ფეხსაცმლის“ 666-ვე წყვილი უკვე გაყიდულია და კომპანია დამატებითი რაოდენობის ბოტასის დამზადებას აღარ აპირებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ