ანგელა მერკელის თანაპარტიელი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებას მოითხოვს

გერმანიის მთავრობაში ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის კოორდინატორი პეტერ ბაიერი ხელისუფლებას რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას საინფორმაციო პორტალი Politico ავრცელებს და გამოთქვამს ვარაუდს, რომ ეს შესაძლოა, რუსული გაზსადენის პროექტის მიმართ გერმანიის პოლიტიკის შეცვლის პირველი სიგნალი იყოს.

საინტერესო ისაა, რომ პეტერ ბაიერი ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის დეპუტატია, მერკელი კი რუსეთ-გერმანიის მარშრუტის გაზსადენის პროექტის დასრულებას პრინციპულად უჭერს მხარს.

„ეს პროექტი სერიოზული დაბრკოლებაა ტრანსატლანტიკური ურთიერთობების აღდგენაში. ამერიკელები მოელიან, რომ ჩვენ არათუ რიტორიკას შევიცვლით, არამედ მოქმედებებზეც გადავალთ, ამიტომ მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადების ინიციატივით გამოვდივარ,“ - აცხადებს ბაიერი.

მისი თანამდებობა ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაშია, თუმცა სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ იმაზე, არის თუ არა ეს უწყების ოფიციალური პოზიცია.

დეკემბერში კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მიმართ მისი მხარდაჭერა „აბსოლუტურად უცვლელია“, იანვარში კი დაამატა, რომ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ სანქციებს არ იწონებს.

პროექტზე დამატებითი სანქციების დაწესებას აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციაც გეგმავს. სანქციები დაუწესდებათ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ პროექტის დამზღვევ და სხვა ცალკეულ კომპანიებს, რომლებიც რუსულ გაზსადენზე მომუშავე ხომალდებთან თანამშრომლობენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რამდენჯერმე მოუწოდა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტში მონაწილე კომპანიებს, შეწყვიტონ სამუშაოები.

„ნებისმიერი კომპანია, რომელიც ჩართული იქნება ამ პროექტში, ამერიკული სანქციების რისკის ქვეშ დადგება“, - განაცხადა ბლინკენმა. მისი თქმით, გაზსადენის პროექტი „ცუდია როგორც ევროპისთვის, ისე ამერიკისთვის“.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ