„მე წარმოდგენაც არ მინდა, რომ ასეთი რამ შეიძლება მოხდეს“ – „ევროკავშირიდან გრანტების შეჩერებას, ამერიკის მხრიდანაც მოჰყვება შესაბამისი მოქმედებები“

„მე წარმოდგენაც არ მინდა, რომ ასეთი რამ შეიძლება მოხდეს. იმიტომ, რომ ევროკავშირიდან გრანტების შეჩერებას, ამერიკის მთავრობის მხრიდანაც მოჰყვება შესაბამისი, კონკრეტული მოქმედებები“,- ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა აკაკი ცომაიამ რადიო "პალიტრისა" და "პალიტრანიუსის" გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის მხრიდან კონკრეტული დახმარებების შეწყვეტა, ისედაც მძიმე ეკონომიკურ ყოფას, კიდევ უფრო გააუარესებს.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარები განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ისინი წუხილს გამოთქვამენ, რომ საქართველოში პოლიტიკურმა ლიდერებმა ევროკავშირის მედიატორის კრისტიან დანიელსონის წინადადებაზე უარი თქვეს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ევროპარლამენტის მხრიდან იქნება განსაკუთრებული მოწოდება, რომ მომხდარს შედეგები მოჰყვეს ფინანსური დახმარების კუთხით, მათ შორის, იქნება მოწოდება ფონდებიდან სახსრების შემდგომი გამოყოფის შეჩერებისკენ და პირობითობის ზრდისკენ, რაც დაკავშირებულია ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარებისა და ბიუჯეტის მხარდაჭერის პროგრამებთან“.

აღნიშნულ განცხადებას ხელს მაღალი რანგის 7 ევროპარლამენტარი აწერს.

„მე წარმოდგენაც არ მინდა, რომ ასეთი რამ შეიძლება მოხდეს. იმიტომ, რომ ევროკავშირიდან გრანტების შეჩერებას, ამერიკის მთავრობის მხრიდანაც მოჰყვება შესაბამისი, კონკრეტული მოქმედებები. დიდი ალბათობით, ევროკავშირი და აშშ იმოქმედებენ უნისონში და არ ვფიქრობ, რომ განსხვავებულ პოლიტიკას აირჩევენ საქართველოს მიმართ. რაც, ძალიან დიდი საგარეო ვალის პირობებში და განსაკუთრებით მაღალი ბიუჯეტის დეფიციტის პირობებში, კიდევ იმ გათვლით, რომ წელს მთავრობა საგარეო ვალზე ვალის დამატებას აპირებს, მკვეთრად გააუარესებს ქვეყნის საკრედიტო რეიტინგს და ისედაც ძალიან მძიმე ეკონომიკურ ყოფაში, ბევრად უფრო დამძიმდება მდგომარეობა“,- განაცხადა აკაკი ცომაიამ.

მისი თქმით, ეს ნიშნავს ინვესტორების მხრიდან საქართველოს მიმართ ნდობის დაკარგვას, ამასთან, იმპორტის შემცირებას, რაც ქვეყნის კეთილდღეობაზე ნეგატიურად აისახება.

„ცხადია, ეს ლარზეც აისახება და პირველ რიგში, საკრედიტო რეიტინგის გაუარესებაზე, რაც ნიშნავს, პროცენტის გაზრდას. ეს გულისხმობს იმას, რომ ნდობა ქვეყნის და მთავრობის მიმართ მკვეთრად იკლებს, საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან და ჩათვალეთ, რომ ჩვენ მოგვიწევს ძალიან დიდი მოცულობის იმპორტირებული საქონლის შეზღუდვა, რაც ჩვენს კეთილდღეობაზე ძალზე უარყოფითად იმოქმედებს“,- განაცხადა აკაკი ცომაიამ.

ნინი ქეთელაური