ეროვნული ბანკი დაგეგმილზე მეტ ინფლაციას არ ელოდება

ლარის გაუფასურების გამო საქართველოს ეროვნული ბანკი დაგეგმილზე მეტ ინფლაციურ ზეწოლას არ ელოდება.

ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, ეროვნულ ბანკს აღნიშნულის პროგნოზირებისთვის ორი მიზეზი აქვს.

"მიუხედავად იმისა, რომ გაცვლითი კურსის მერყეობა აისახება ზოგიერთ სასაქონლო ჯგუფზე, ჩვენ არ ველოდებით დაგეგმილზე უფრო მეტ ინფლაციურ ზეწოლას. ამის მიზეზი კი არის ორი. პირველი – ისეთ სასაქონლო ჯგუფებზე, როგორიცაა ნავთობი, ხორბალი, შაქარი, ზეთი, მსოფლიოს მასშტაბით ფიქსირდება ფასების მნიშვნელოვანი კლება. მეორე მიზეზი, რის გამოც არ ველოდებით მნიშვნელოვან ინფლაციურ ზეწოლას, არის მონეტარული აგრეგატების ფაქტორი. უფრო მარტივად რომ გითხრათ - ფულის მასა შარშანდელისგან განსხვავებით არ გაზრდილა. მეტიც, მთავრობასთან კონსულტაციის შედეგად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დეკემბერში, ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვას ადგილი არ ექნება. ეს კიდევ უფრო შეასუსტებს ზეწოლას ინფლაციაზე", - განაცხადა ქადაგიძემ.