„როგორც ეკონომიკაა ძალიან რთულ მდგომაროებაში, ისე ეროვნული ბანკია ამ წუთას შავ დღეში“,- ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა აკაკი ცომაიამ რადიო "პალიტრისა" და "პალიტრანიუსის" გადაცემაში „საქმე“ ლარის კურსთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ეროვნული ვალუტის გაუფასურება არის ლოგიკური შედეგი იმ ეკონომიკური პროცესების, რაც ბოლო პერიოდში საქართველოში ვითარდება.
ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე დღეა ეროვნული ვალუტა ყოველდღიურად უფასურდება. სებ-ის მიერ 2 აპრილს დადგენილი კურსით, დღეისთვის 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4343 ლარია.
„ლარის გაუფასურების ის პროცესი, რაც მიდის ამ წუთას, არის ლოგიკური შედეგი იმ ეკონომიკური პროცესების, რომელიც ბოლო პერიოდში ვითარდება საქართველოში. ეს გამოიწვია უცხოური ვალუტის შემოდინების მკვეთრმა შემცირებამ. მცურავი გაცვლითი კურსის დროს, ცხადია, როდესაც გაკლდება უცხოური ვალუტა, უნდა შემცირდეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ ნაყიდი საქონელი და მომსახურება.
ამასთან, ლარი მხოლოდ ამის გამოც არ უფასურდება, ის უფასურდება იმ მიზეზითაც, რომ მთავრობის მხრიდან აღებული საგარეო ვალი, რომელიც უცხოურ ვალუტაში იქნა აღებული და შემდეგ კონვერტირდა ეროვნულ ვალუტაში, ახლა იხარჯება და ამ დანახარჯის გარკვეული წილი ცხადია, მოდის იმპორტზე. ეს კიდევ უფრო მეტად აწვება ლარს. ეროვნული ბანკი სავარაუდოდ, პროპორციულად ხარჯავს რეზერვებს ამ მიმართულებით, მაგრამ ვერაფერს ვერ ვუზამთ იმ მდგომარეობას, რომ ზოგადად, ინვესტიციებიდან, ტურიზმიდან და სხვა წყაროებიდან უცხოური ვალუტის შემოდინება შემცირებულია. ეს კი, გავლენას ახდენს ინფლაციაზე და ინფლაციურ მოლოდინებზე. ამიტომ, როგორც ეკონომიკაა ძალიან რთულ მდგომაროებაში, ისე ეროვნული ბანკია ამ წუთას შავ დღეში“,- განაცხადა აკაკი ცომაიამ.