სუეცის არხის სამმართველოს უფროსმა უსამა რაბიმ ტელეკომპანია CNBC-ს განუცხადა, რომ ეგვიპტის ხელისუფლება კონტეინერმზიდ Ever Given-ის შელფისგან გათავისუფლების ხარჯების ანაზღაურებას მოითხოვს. მისი თქმით, კომპენსაციის თანხა მილიარდ დოლარზე მეტია, რაც ეგვიპტურმა მხარემ არხის ჩაკეტვით მიყენებული ზარალით, გემის გათავისუფლებაზე მომუშავე ტექნიკის ღირებულებითა და 800 მაშველის სამუშაო ანაზღაურებით გამოიანგარიშა.
„ჩვენ გემი ყოველგვარი ზიანის მიყენების გარეშე გავათავისუფლეთ და სოლიდურ კომპენსაციასაც მოვითხოვთ,“ - აცხადებს უსამა რაბი, რომელიც არ აკონკრეტებს, თუ ვინ იქნება კომპენსაციის გადამხდელი. ის იმედოვნებს, რომ 2-3 დღეში კომპენსაციის საკითხი გაირკვევა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეგვიპტის ხელისუფლება სასამართლოს მიმართავს. თუკი საქმე სასამართლომდე მივა, Ever Given-ს, რომელიც ამჟამად სუეცის არხიდან ჩრდილოეთით დგას, დააკავებენ. უსამა რაბის საპასუხოდ სადაზღვევო კომპანია Fitch Ratings-ის უფროსი დირექტორი ბრაიან შნაიდერი აცხადებს, რომ სუეცის არხის სამმართველოს პრეტენზიები უნდა მოიცავდეს მხოლოდ არხის დაზიანებისა და სამაშველო ოპერაციის ხარჯებს.
იაპონურმა კომპანია Shoei Kisen-მა, რომელიც კონტეინერმზიდის მესაკუთრეა, მზადყოფნა გამოთქვა, განიხილოს კომპენსაციის საკითხი სუეცის არხის ხელმძღვანელობასთან. კომპანიაში დეტალების გამჟღავნებისგან თავს იკავებენ. თუმცა იაპონელი მესაკუთრეები, თავის მხრივ, გემის ოპერატორ გერმანულ კომპანია Shipmanagement-ს უჩივიან. მათ ლონდონის უმაღლეს სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანეს. Shipmanagement-ის პრეს-მდივანმა ბერნჰარდ შულტემ CNBC-ს განუცხადა, რომ ყველა პრეტენზია სათითაოდ იქნება განხილული მას შემდეგ, რაც გამოძიება მომხდარი ინციდენტის მიზეზებს დაადგენს.
როგორც ტელეკომპანია CNBC აღნიშნავს, სუეცის არხის საცობმა ყურადღების ცენტრში დააყენა, თუ რამდენად გაუმჭვირვალეა ურთიერთობები საზღვაო გადაზიდვებში. მაგალითად, კონტეინერმზიდი Ever Given იაპონურ კომპანიას ეკუთვნის, დაქირავებულია ტაივანში, მართავენ გერმანელი ოპერატორები, ცურავს ინდოეთის მოქალაქეების ეკიპაჟით, დარეგისტრირებულია პანამაში და ეწევა ტრანზიტს ეგვიპტის გავლით.
400 მეტრის სიგრძის გიგანტური კონტეინერმზიდი Ever Given სუეცის არხის ყველაზე ვიწრო ნაწილში შელფზე 23 მარტს გაიჭედა, საიდანაც ის მაშველებმა 29 მარტს გაათავისუფლეს. თითქმის ერთკვირიანი ბლოკირების შედეგად სუეცის არხში საზღვაო მიმოსვლა გრაფიკს დღემდე ჩამორჩება. გადაზიდვების სრულყოფილ აღდგენას 3 აპრილიდან მოელიან.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ