დღეიდან, იაპონიაში ვეშაპებზე ნადირობის სეზონი დაიწყო

იაპონიის აკვატორიაში დღეიდან სტარტი აიღო ვეშაპებზე ნადირობის ახალმა სეზონმა.

ამის შესახებ საგენტო Kyodo წერს. მოსალოდნელია, რომ მიმდინარე სეზონზე, რომელიც ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება, ხუთი გემისგან შემდგარ ჯგუფს შეეძლება 120 ვეშაპის მონადირება.

აღსანიშნავია, რომ 1982 წლიდან საერთაშორისო მორატორიუმის მიხედვით, იაპონიამ შეწყვიტა ვეშაპების რეწვა, თუმცა, შემდეგ ნაწილობრივ განაახლა იმ მოტივით, თითქოს უნდა შეესწავლა ზღვის ეს ძუძუმწოვრები. ასეთი „კვლევების“ დროს მოპოვებული ვეშაპის ხორცს კი ადგილობრივ სუპერმარკეტებსა და რესტორნებში ყიდდა.

2019 წლის 30 ივნისს იაპონია გავიდა ვეშაპებზე ნადირობის კომისიის შემადგენლობიდან, რის შემდეგაც რამდენიმე გემისგან შემდგარი ფლოტილია ზღვაში სანადიროდ გავიდა. ამან ცალკეული ქვეყნების მკვეთრი კრიტიკა გამოიწვია, თუმცა, ტოკიოში განაცხადეს, რომ ცალკეული სახეობის ვეშაპების რაოდენობა იძლევა საშუალებას, მათი კომერციული რეწვა განეახლებინათ.

კოკა კვირკველია