პანდემიის მიუხედავად, აშშ-ში ლუქს-კლასის ავტომობილების გაყიდვები მკვეთრად გაიზარდა. საუბარია, პრესტიჟულ ბრენდებზე Bentley და Lamborghini, რომელთა გაყიდვები რეკორდულად არის გაზრდილი. მაშინ როცა საშუალო საფასო სეგმენტის ავტომობილების გაყიდვები კლებაშია. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN კვლევით კომპანია J. D. Power-ზე დაყრდნობით წერს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, 2020 წლის მეოთხე კვარტალში შტატებში იმ ავტომობილების გაყიდვები, რომელთა ფასი 80 ათას დოლარზე მეტია, გაორმაგდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 100 ათასი დოლარისა და უფრო მეტი ღირებულების ავტომობილების გაყიდვები გაზრდილია - 63%-ით.
Bentley-სთვის გასული წელი ყველაზე წარმატებული იყო გაყიდვების მხრივ, მისი დაარსებიდან მოყოლებული. კომპანიამ 2020 წელს 11 206 ავტომობილი გაყიდა. ასევე არსებობის განმავლობაში რეკორდული იყო გასული წელი Lamborghini-სთვისაც, კომპანიამ 2020 წელს 7 430 ავტომობილის რეალიზება შეძლო.
სპეციალისტების აზრით, პანდემიის გამო ადამიანებმა ვერ შეძლეს მდიდრულ კურორტებზე დასვენება, სამაგიეროდ კი დაიწყეს მდიდრული ავტომობილების შეძენა.