რა ახალ ფუნქციებს ამატებს Facebook-ი - მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, თავად დაალაგონ „ნიუს-ფიდი“

სოციალური ქსელი Facebook-ი აანონსებს მომხმარებლებისთვის ახალ შესაძლებლობებს ნიუს-ფიდის დალაგებასთან დაკავშირებით. ახლა შესაძლებელი იქნება ახალი ამბების ველის ქრონოლოგიურად ნახვის არჩევა და არა მხოლოდ ალგორითმულად, როგორც აქამდე იყო.

მომხმარებლებს აქამდეც შეეძლოთ ქრონოლოგიურ რეჟიმში ეხილათ ახალი პოსტები, თუმცა ამისთვის საჭირო იყო „სეთინგების“ შეცვლა. ახლა კი ეს ღილაკი უშუალოდ „ნიუს-ფიდის“ გვერდზე გამოჩნდება.

გარდა ამისა, შესაძლებელია ვარიანტის შერჩევაც, რომლის შედეგადაც ჯერ შეგიძლიათ ნახოთ სიახლეები პროფილებიდან და გვერდებიდან, რომლებიც გაქვთ დამატებული Favorites-ებში, შემდეგ კი სხვა დანარჩენების. საყვარელი ავტორების ჩამონათვალში კი 30 ავტორის დამატება იქნება შესაძლებელი.

Facebook-ის კიდევ ერთი სიახლე - ეს პუბლიკაციებში კომენტარების შეზღუდვის შესაძლებლობაა. ახლა ხელმისაწვდომია სამი ვარიანტი: კომენტარი შეუძლია ყველას, კომენტარი შეუძლია მხოლოდ მეგობრებს, კომენტარი შეუძლიათ მხოლოდ პოსტზე მონიშნულ ადამიანებს. ახლა მათ შეეძლებათ გააკონტროლონ, ვისთან სურთ ამა თუ იმ თემის განხილვა და შესაბამისად არასასურველ აუდიტორიას შეუზღუდონ მათზე კომენტარის საშუალება.

კოკა კვირკველია