„ოცნების“ ხელისუფლების თანამდებობის პირები, რომლებიც სავარაუდო კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობდნენ - TI

არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ მაღალი დონის სავარაუდო კორუფციის გამოუძიებელი შემთხვევების განახლებადი სია გამოაქვეყნა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ბოლო წლებში მაღალი დონის ე.წ. „ელიტური“ კორუფცია და მასზე არასათანადო რეაგირება გამოიკვეთა, როგორც კორუფციის მხრივ საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა.

ორგანიზაციის ცნობით, პრობლემის არსი გამოიხატება იმაში, რომ საქართველოში კორუფციული დანაშაულის აღკვეთაზე პასუხისმგებელი ორგანოები (გენერალური პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) მეტწილად ქმედითი რეაგირების გარეშე ტოვებენ კორუფციის ისეთ შემთხვევებს, სადაც ფიგურირებენ მაღალი თანამდებობის ანდა მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირები. მაგალითისთვის, სუს-ის 2018 წლის (ბოლო) ანგარიშიდან ჩანს, რომ უწყება ძირითადად დაბალი დონის შემთხვევებზე რეაგირებს – ყველაზე მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც სუს-მა დააკავა, მერი და ყოფილი გუბერნატორი იყვნენ. რეაგირების გარეშე რჩება ისეთი შემთხვევებიც, რომელთა შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ პერიოდულად პირდაპირ აწვდის საგამოძიებო ორგანოებს.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ სავარაუდო კორუფციის გამოუძიებელ შემთხვევებს შორის მოხვდა - ყოფილი ან მოქმედი თანამდებობის პირების მონაწილეობა სავარაუდო კორუფციულ გარიგებებში. მათ შორის:

ქონების გადაცემა ყოფილ პროკურორ ოთარ ფარცხალაძისთვის

2016 წლის თებერვალში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც თბილისის მერიამ ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის კომპანიას „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტს” არამართლზომიერად გადასცა ქონება, რაც შესაძლოა გარკვეული კორუფციული გარიგების შედეგი იყო.

კორუფციის ნიშნები თბილისის მერიის „ზონალურ საბჭოში“

2014-2017 წლებში თბილისის მერიასთან არსებული ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს (ე.წ. „ზონალური საბჭო“) საქმიანობის შესწავლის შედეგად გამოვლინდა ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის არაერთი სავარაუდო შემთხვევა.

კორუფციის ნიშნები თბილისის ბოტანიკურ ბაღში და მის მიმდებარედ მიწის ნაკვეთების განკარგვის პროცესში

თბილისის ბოტანიკური ბაღის მიმდებარე სარეკრეაციო ზონაში 29 ჰექტარის ფართობის მიწის ნაკვეთის პრივატიზების, ასევე ამ და მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე სასტუმროს მშენებლობაზე სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემის პროცესი ატარებდა არსებითად ფიქციურ ხასიათს და ემსახურებოდა უფრო ადრე, არაფორმალურ ვითარებაში მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივად გაფორმებას.

კორუფციის ნიშნები კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში

კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის რისკების კვლევამ გამოავლინა, რომ მაშინდელ მინისტრთან და სამინისტროს სხვა მაღალ თანამდებობის პირებთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული კომპანიები ხშირად იღებნენ სამინისტროსგან საბიუჯეტო თანხებს/დაფინანსებას კონკურსის ან ტენდერის გვერდის ავლით.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანგარიშში საუბარია ყოფილი ან მოქმედი თანამდებობის პირების საეჭვო გამდიდრების შემთხვევებზეც. მათ შორის, მოქმედი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სავარაუდო უკანონო გამდიდრებაზეც. კერძოდ, როგორც ორგანიზაციის ანგარიშშია აღნიშნული, ჟურნალისტურ გამოძიებაში ნათქვამია, რომ ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა (და ყოფილმა თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრმა), ირაკლი ღარიბაშვილმა, ქონებრივ დეკლარაციაში არ მიუთითა ძვირადღირებული საათების კოლექცია, რომლის ღირებულებაც ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს, რაც უკანონო გამდიდრების ნიშნებზე მიუთითებს.

თაია არდოტელი