„რეკორდებს ვხსნით შანსების ხელიდან გაშვების კუთხით“

„რეკორდებს ვხსნით შანსების ხელიდან გაშვების კუთხით,“- ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ “დიოს” აღმასრულებელმა დირექტორმა თამაზ დაუშვილმა განაცხადა.

„მთავარი გამოწვევა ჩვენთვის, ბიზნესისთვის არის შეზღუდვების სულ მოხსნა თუ არა, მაქსიმალურად შემსუბუქება და ვაქცინაციის დაჩქარება. პარადოქსალურია, როდესაც დიდი მოლოდინი გვქონდა, რომ მოვახერხებდით ვაქცინაციის პროცესის სწრაფად წარმართვას, რადგან პატარა ქვეყანა ვართ და არ ვართ დამოკიდებული ევროკავშირის წესებზე. იქ ცნობილია, რომ გერმანიამ ვერ მიაღწია კარგ დონეს ვაქცინაციის პროცესში, რადგან საერთო წესების მიხედვით ხდება, მაშინ როცა ინგლისმა შეძლო უფრო სწრაფად წარემართა ეს პროცესი.

შესაბამისად, ვფიქრობ, შანსი გავუშვით ხელიდან, რომ ჩვენი ქვეყანა გამხდარიყო კოვიდ თავისუფალი ქვეყანა და პირიქით ჩვენ ქვეყანაში ჩამოსულიყო ხალხი ასაცრელად. რეკორდებს ვხსნით შანსების ხელიდან გაშვების კუთხით. პირველ ეტაპზე შეიძლება გამოუცდელობას დავაბრალოთ, თუმცა, ახლა ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ შანსი გავუშვით, რადგან მთელი ქვეყანა, მსოფლიო ელოდა ვაქცინის გამოსვლას. ახლა ძალიან ბევრი ვაქცინაა რეგისტრირებული და შეგვეძლო უფრო მომზადებულები შევხვედროდით, შეგვესყიდა საკმარისი რაოდენობა. მაგალითისთვის, სად წავიდა თანხები კოვიდ ფონდიდან, სავარაუდოდ არამიზნობრივად დაიხარჯა,“- აღნიშნა დაუშვილმა.

თაია არდოტელი