შრომის ინსპექციამ ბოლო 24 საათში სოციალური ღონისძიებისა და არანებადართული ეკონომიკური საქმიანობისთვის 7 სუბიექტი დააჯარიმა.
შრომის ინსპექციის სამსახურის ინფორმაციით, 4 ფიზიკურ პირს 2 000 ლარიანი, ხოლო იურიდიულ პირებს - 10 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ. მათგან ერთ იურიდიულ პირს განმეორებითი სამართალდარღვევა დაუფიქსირდა, რაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
„ჩატარებული ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რომ დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, „კომენდანტის საათის“ მოქმედების დროს, ასზე მეტი პირის მონაწილეობით, გასართობი ღონისძიებები და არანებადართული ეკონომიკური საქმიანობა ხორციელდებოდა. კლუბის ტიპის გასართობი სივრცის ფუნქციონირებისას ასევე არ იყო დაცული ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი წესები.
შრომის ინსპექცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და კრიმინალურ პოლიციასთან კოორდინირებულად განაგრძობს საზედამხედველო სამუშაოებს. ინსპექცია აგრძელებს კონტროლს დაწესებული შეზღუდვების აღსრულებაზე და მოქალაქეებს მათი დაცვისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კანონით დადგენილი ღონისძიბების გატარების შესახებ აფრთხილებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.