პანდემიისა და გაუფასურებული ლარის გამო დაპაუზებული ქვევრის ფორმის სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობა განახლდა. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას პროექტის ერთ-ერთი ავტორი გიორგი კლდიაშვილი აცხადებს, ამ ეტაპზე კომპლექსში შიდა სამუშაოები იწყება და „უკვე შემოდგომის, ვფიქრობთ, რომ გაიხსნება“.
თელავში სოფელ შალაურში სასტუმრო „ქვევრების” მშენებლობა გასული წლის თებერვალში დაიწყო. სასტუმროს კომპლექსში განთავსებული იქნება 17-ნომრიანი მთავარი შენობა და 20 ქვევრის ფორმის კოტეჯი. თითოეულ ქვევრს ქართული ღვინის სახელწოდება ექნება.
,,სასტუმრო გასული წლის ბოლოს უნდა გახსნილიყო, თუმცა პანდემიამ ხელი შეგვიშალა სესხის ნაწილში და რამდენიმე თვე პრაქტიკულად, გაჩერებული ვიყავით. ბანკთან სესხის საკითხები იყო გასავლელი. ამის შემდგომ, აქტიურად დავიწყეთ მშენებლობა და გავზარდეთ პროექტის მოცულობას. ამ მომენტისათვის დაგეგმილია 20 ქვევრის და სასტუმროს ძირითადი ფლიგელის მშენებლობა, რომელიც გავზარდეთ და იქ იქნება დამატებით კიდევ 17 ნომერი, რესტორანი, ბარი და საკონფერენციო დარბაზი. გარკვეულ ტერიტორიაზე უკვე გაშენდა ვენახი. სასტუმროს შენობა, აუზი, სპა კომპლექსი დასრულებულია და ახლა უკვე შიდა სამუშაოები დაიწყება და შემოდგომის სეზონისთვის უკვე ვფიქრობთ, რომ გავიხსნებით.
სასტუმრო მთლიანად 30-ნომრიანი იქნება, შესაბამისად დაახლოებით 60 სტუმრის განთავსებას შევძლებთ და ჩვენთან, 20 ადამიანამდე დასაქმდება. რა თქმა უნდა, ყველაფერი პანდემიაზე და საზღვრების გახსნაზეა დამოკიდებული, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ბევრი სტუმარი გვეყოლება, რადგან დაინტერესება სასტუმროს მიმართ საკმაოდ დიდია“, - განაცხადა კლდიაშვილმა.
პროექტის ზრდის პარალელურად, მოიმატა ინვესტიციიც მოცულობამაც. გიორგი კლდიაშვილის თქმით, თუ თავდაპირველად პროექტზე 3 მლნ ლარი იხარჯებოდა, ახლა ეს თანხა 1,5 მლნ ლარით გაიზარდა. პროექტის ავტორის თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ლაარის გაუფასურბა იყო.
ცნობისთვის, სასტუმრო 3 ჰექტარ ფართობზე შენდება. მისი ყველა ნომრიდან, მათ შორის, ქვევრებიდან კავკასიონის ხედი იშლება.