საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებელ რამდენიმე კომპანიასთან საქართველოს ხელშეკრულება უკვე გაფორმებული აქვს და ვაქცინების დამატებით რაოდენობებს ელოდება.
თუმცა, როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, კომპანიებისა და გაფორმებული ხელშეკრულებების შესახებ ჯერჯერობით საუბარი არ შეუძლია, რადგან ქვეყანას გაუთქმელობის პირობა აქვს დადებული.
ამასთან, ხვთისიაშვილის თქმით, ვაქცინების შემდეგი პარტიები ქვეყანაში აპრილის ბოლოდან შემოვა, მაშინ, როდესაც ინდოეთი საექსპორტო შეზღუდვას მოხსნის.
„ინდოეთთან იყო ძალიან აქტიური მოლაპარაკება, მთავრობასთან. ალბათ, მოგეხსენებათ, რომ ინდოეთი ერთ-ერთი დიდი მწარმოებელია ვაქცინების, არა მხოლოდ „ასტრაზენეკასი“, არამედ იქ არის დაახლოებით 6-7 ძალიან მსხვილი საწარმო, რომლებთანაც ამერიკული და ევროპული კომპანიები მუშაობენ. ამ წლის განმავლობაში ინდოეთში წარმოებას დაიწყებენ როგორც „ასტრაზენეკას“, ასევე ამერიკული „ნოვოვაქსის“ და ასევე დაგეგმილია „ჯონსონის“ წარმოებაც, რომელსაც ამერიკული ლაბორატორიები ინდოელ პარტნიორებთან ერთად აპირებენ, რომ გამოუშვან. შესაბამისად, ჩვენი მიზანი იყო მოლაპარაკების ჩატარება არა მხოლოდ „ასტრაზენეკასთან“ მიმართებაში, არამედ, ყველა ამ მწარმოებელთან შეხვედრა და შესაბამისი შეთანხმების მიღწევა, რაც ისევ და ისევ ჩვენი პარტნიორების, კოლეგების, ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით უკვე განხორციელდა. ჩვენ გვაქვს რამდენიმე მწარმოებელთან გაფორმებული ხელშეკრულება, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ ვსაუბრობთ დეტალებზე, რადგან ერთ-ერთი პუნქტი ამ შეთანხმების, გაუთქმელობაა და ჩვენ ამ დეტალებში ვერ წავალთ. რაც შეეხება „ასტრაზენეკას“, იცით, რომ დღეს ინდოეთს დაკეტილი აქვს ვაქცინების გამოტანა. ეს განპირობებულია ქვეყნის შიგნის მაღალი ციფრებით და ცდილობენ თავის მოსახლეობას მოახმარონ ის ვაქცინა, რომელიც იწარმოება. დაგეგმილია საექსპორტო შეზღუდვის გახსნა აპრილის ბოლოსთვის და როგორც კი გაიხსნება, საქართველო მიიღებს საკმაოდ მოცულობით რაოდენობას, როგორც „ასტრაზენეკას“, ასევე, წლის ბოლოს მიიღებს იმ რაოდენობებს, რაზეც შევთანხმდებით დანარჩენ მწარმოებლებთან“, - განაცხადა ხვთისიაშვილმა.