კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, 2020 წელი სადაზღვევო ინდუსტრიამ 47,6 მლნ ლარის მოგებით დაასრულა. ეს კი თითქმის 89%-ით მეტია 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით. 2019 წელი სადაზღვევო კომპანიებმა 25,2 მლნ ლარის მოგებით დახურეს.
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სტატისტიკით, კომპანიებმა საანგარიშო პერიოდში 667,3 მლნ ლარის პრემია მოიზიდეს, აქ ზრდა 6,7%-ია.
მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ კი 172,5 მლნ ლარი შეადგინა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 157 მლნ ლარი იყო.
ამასთან, სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა 915,8 მლნ ლარია, კაპიტალი 279,1 მლნ ლარი.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მონაცემებით, მოზიდული სადაზღვევო პრემიით ბაზარზე „ჯიპიაი ჰოლდინგი“ ლიდერობს - 128.95 მლნ ლარით, მეორე ადგილზეა “ალდაგი“ - 106.92 მლნ ლარით, შემდეგია „თიბისი“ - 89.30 მლნ ლარით. ხუთეულში შედიან ,„იმედი L“ 71.67 მლნ ლარის მოზიდული პრემიით და „არდი“ 59.57 მლნ ლარით.
2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ბაზარზე 18 სადაზღვევო კომპანია ოპერირებს, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიებს.