აზიმ სადიკოვი: ლართან დაკავშირებული რყევები საქართველოს მაკროეკონომიკური ფუნდამენტის რყევას არ გამოიწვევს

ლართან დაკავშირებული რყევები საქართველოს მაკროეკონომიკური ფუნდამენტის რყევას არ გამოიწვევს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, აზიმ სადიკოვმა განუცხადა. მისი თქმით, საქართველოს მაკროეკონომიკური ფუნდამენტი და ძირითადი მაჩვენებლები მყარი და ძლიერია. "ბოლო ხანს სავალუტო კურსში შეინიშნებოდა რყევები, მაგრამ ეს რყევები არ გამოიწვევს საქართველოს მაკროეკონომიკური ფუნდამენტის რყევას. მაკროეკონომიკური ფუნდამენტის ძირითადი მაჩვენებლები მყარი და ძლიერია, ლარი თვითონ არის მცოცავი კურსის მქონე ვალუტა. ეროვნული ბანკის მიზანს არ წარმოადგენს კურსის ფიქსირება. ეროვნული ბანკის მიზანია, ფასების სტაბილობა", - განაცხადა აზიმ სადიკოვმა.

მისივე თქმით, თუ ლარის მერყევობა გადაიზარდა ფასების ცვლილებაში, ეროვნულ ბანკს აქვს რეზერვები, რომ ინფლაცია დააბრუნოს საანგარიშო მაჩვენებლამდე. "ეროვნულ ბანკს აქვს ინფლაციის საანგარიშო მაჩვენებელი, რაც შემდეგი წლისთვის 5 პროცენტს შეადგენს. თუ ისე მოხდა, რომ ლარის მერყევობა გადაიზარდა ფასების ცვლილებაში ანუ ინფლაციაში, ამ რაოდენობით, რომელიც საანგარიშო მაჩვენებლებს აღემატება, მაშინ ეროვნულ ბანკს, დარწმუნებული ვარ, გააჩნია რეზერვები და მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტები, რომ ჩაერიოს და ინფლაცია დააბრუნოს საანგარიშო მაჩვენებლამდე. მართალია ლარის კურსის ვარდნა მოხდა ძალიან მცირე პერიოდში და ეს მერყეობა ძალიან დიდად გამოჩნდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში ლარი იყო სტაბილური, მაშინ, როდესაც საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორებში ადგილობრივი ვალუტა ამ 12 თვის განმავლობაში გაუფასურდა. ამ ქვეყნებში ვგულისხმობ რუსეთს, უკრაინასა და სომხეთს", - განაცხადა აზიმ სადიკოვმა. მისივე თქმით, ლარის კურსის მერყეობის რამდენიმე მიზეზი არსებობს.

"თვითონ დოლარიც ძალიან ბევრი ვალუტის მიმართ გაძლიერდა. ჩეხური და პოლონური ვალუტები 10 პროცენტით გაუფასურდა დოლართან მიმართებაში. ამანაც იქონია თავისი გავლენა. არ გვაქვს ჯერ ნოემბრის საგარეო ვაჭრობის მონაცემები, მაგრამ სავარაუდოდ, ექსპორტი შემცირდა და, შესაბამისად, უცხოური ვალუტის შემოდინება შემცირდა ქვეყანაში. ამანაც გამოიწვია დისბალანსი ლარსა და დოლარს შორის", - განაცხადა სადიკოვმა.

მისივე თქმით, საქართველოში ეკონომიკის მთავარი პრობლემაა სავაჭრო დეფიციტია, ანუ უფრო მეტს მოვიხმართ, ვიდრე ექსპორტზე გაგვაქვს. "საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის შედეგი არის, რომ მათი ადგილობრივი ვალუტა უფასურდება. გვჭირდება სტრუქტურული ცვლილება, რომელიც გააძლიერებს ეკონომიკას, გაზრდის ჩვენს პოტენციალს და ჩვენ ექსპორტზე უფრო მეტის გატანა შეგვეძლება. ზრდა გვჭირდება, რომელიც გააძლიერებს ჩვენს საწარმოო პოტენციალს", - განაცხადა სადიკოვმა.