სამხრეთკორეული კომპანია LG Electronics სმარტფონების წარმოებას წყვეტს. ინფორმაციას Reuters-ის სეულის ბიურო ავრცელებს. LG Electronics პირველი მსხვილი კომპანიაა, რომელიც სმარტფონების ბაზრიდან გადის. კომპანიაში აცხადებენ, რომ მობილური ტელეფონების განყოფილება წამგებიანი და მხოლოდ ზარალის მომტანი იყო. LG-ის სმარტფონების განყოფილებამ თითქმის 6-წლიანი ზარალი განიცადა, რამაც მთლიანობაში 4,5 მლრდ დოლარი შეადგინა.
კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სმარტფონების მკაცრი კონკურენციის სექტორიდან გასვლა LG Electronics-ს საშუალებას მისცემს, ყურადღება გაამახვილოს ისეთ მზარდ სფეროებზე, როგორიცაა ელექტრომობილები, ინტეგრირებული მოწყობილობები და „ჭკვიანი სახლები“.
აშშ-ს ბაზარზე LG-ის სმარტფონებს 10%-იანი წილი უკავია და Samsung Electronics-ისა და Apple-ის შემდეგ ნომერ მესამე ბრენდია. მოელიან, რომ სწორედ ეს ორი კომპანია ჩაყლაპავს LG-ს 10-პროცენტიან წილს. Hi Investment & Securities-ის ანალიტიკოსი კო ეი-იანგი აცხადებს, რომ ამერიკის ბაზარზე LG საშუალო და დაბალი ფასის მოდელებზე იყო ორიენტირებული, ხოლო რაკი საშუალო ფასის მოდელების ხაზით უფრო Samsung Electronics გამოირჩევა, ვიდრე Apple, სწორედ Samsung შეძლებს LG-ის მომხმარებლების მიზიდვას.
ჩრდილოამერიკის გარდა, LG სამხრეთ ამერიკაშიც არის წარმოდგენილი და ბაზარზე მე-5 ადგილი უკავია. მოელიან, რომ ლათინური ამერიკის ბაზარზე LG-ის წილს ჩინური კონკურენტები - Oppo, Vivo და Xiaomi ჩაყლაპავენ, რომლებთაც ჩრდილოამერიკის ბაზარზე დიდი კვოტა არ გააჩნიათ ორმხრივი ცივი ურთიერთობების გამო.
ამჟამად LG Electronics-ის გლობალური წილი მხოლოდ 2 %-ია. კვლევითი პროვაიდერ Counterpoint-ის მონაცემებით, გასულ წელს კომპანიამ 23 მილიონი ტელეფონი გაყიდა მაშინ, როცა Samsung-მა - 256 მილიონი.
LG Electronics-ის ინოვაციური სმარტფონების წარმოების პიკი 2013 წელს იყო, როცა კომპანიამ მსოფლიო ბაზარზე Samsung-ისა და Apple-ის შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა. თუმცა შემდგომში მის წამყვან მოდელებს როგორც პროგრამული, ისე ტექნიკური ხარვეზები აღმოაჩნდა, რასაც თან დაერთო პროგრამული უზრუნველყოფის ნელი განახლების სისტემა. ამასთან, ანალიტიკოსები ბრენდს, ჩინელ კონკურენტებთან შედარებით, მარკეტინგის არასაკმარისი გამოცდილების გამოც აკრიტიკებდნენ. ყველაფერმა ამან ბრენდს პოპულარობა დააკარგვინა.
LG Electronics-ის სმარტფონების განყოფილება, კომპანიის 5 განყოფილებიდან, ყველაზე პატარაა და მასზე შემოსავლების 7% მოდის. მის დახურვას 31 ივლისისთვის მოელიან. თუმცა კომპანია 4G და 5G ძირითად ტექნოლოგიებზე პატენტის შენარჩუნებას გეგმავს და მუშაობას 6G საკომუნიკაციო ტექნოლოგიის შემუშავებისთვისაც გააგრძელებს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ