2021 წელს საფრანგეთის ეკონომიკა მოსალოდნელზე უფრო ნაკლებად გაიზრდება, რაც ახალი ოთხკვირიანი ლოქდაუნით არის განპირობებული. ამის შესახებ ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერმა განაცხადა.
უახლესი პროგნოზით, წელს ქვეყნის ეკონომიკა 6-ის ნაცვლად, 5%-ით გაიზრდება. 2020 წელს საფრანგეთის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 8,1%-ით შემცირდა.
„საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და 150 ათასამდე მაღაზიის დახურვა მნიშვნელოვანი ფაქტორია ვირუსის შესაკავებლად, მაგრამ ეს ზომები, რა თქმა უნდა, ეკონომიკაზეც იქონიებს გავლენას,“ - განაცხადა მინისტრმა Le Journal du Dimanche-სთან ინტერვიუში.
როგორც ცნობილია, საფრანგეთის პრეზდენტი ემანუელ მაკრონი იძულებული გახდა, ქვეყანაში მკაცრი ლოქდაუნი მესამედ შემოეღო, რადგან საფრანგეთში კორონავირუსის პანდემიის გავრცელება სულ უფრო მზარდია, ვაქცინაციის პროცესი კი არასკმარისი ტემპით მიმდინარეობს.
ბრუნო ლე მერის თქმით, ხელისუფლებას ეკონომიკის მხარდაჭერის პაკეტი აპრილში 11 მილიარდი ევრო დაუჯდება.
ამასთან, ვარაუდობენ, რომ წელს საფრანგეთის სახელწმიფო ვალი მშპ-ის 115%-დან 118%-მდე, ბიუჯეტის დეფიციტი კი მშპ-ის 8,5%-დან 9%-მდე გაიზრდება.