„არა მგონია, რომ რუსი ტურისტებისთვის კვერცხების სროლა გეოპოლიტიკურად გაგვაძლიერებს“ – „რუსეთი არის ჩვენი ეკონომიკის ძირითადი შემოსავალი"

„არა მგონია, რომ რუსი ტურისტებისთვის კვერცხების სროლა გეოპოლიტიკურად გაგვაძლიერებს – რუსეთი არის ჩვენი ეკონომიკის ძირითადი შემოსავალი" , - ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ რადიო "პალიტრისა" და "პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

აღნიშნულით ის, თბილისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა, რა დროსაც საქართველოს მოქალაქეებმა რუსი ჟურნალისტის ვლადიმირ პოზნერის და მისი თანმხლები პირების ჩამოსვლა გააპროტესტეს.

„მე არ მგონია, რომ ქართველ და რუს ხალხებს შორის მტრული დამოკიდებულება არსებობს. ჩვენ ყოველთვის გვქონდა მეგობრული დამოკიდებულება. ზუსტად ეს იყო საამაყო, რომ რუსი ხალხი პოზიტიურად იყო განწყობილი საქართველოს მიმართ. რუსეთისგან ყოველთვის გვესმოდა გამოხმაურება, რომ მიუხედავად ჩვენი პოლიტიკურად დაძაბული ურთიერთობისა, რამდენად სტუმართმოყვარეა ქართველი ხალხი და რამდენად კარგად იღებენ მათ. ეს მართლაც ასე იყო და მე იმედი მაქვს, რომ ასეც გაგრძელდება. გარდა იმისა, რომ მეგობრული ურთიერთობა გვაქვს რუს ხალხთან, ჩვენ გვინდა თუ არა, რუსეთი არის ჩვენი ეკონომიკის ძირითადი შემოსავალი და სხვათა შორის, არა მარტო ტურიზმში, წარმოიდგინეთ, მთელი ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქციის უმეტესი წილი, გინდა ღვინო, გინდა ხილი, გადის რუსეთში.

ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია, მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის ქმედებები, რომელსაც ჩვენ ჩავდივართ, მიმართული უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, არამარტო ეკონომიკურად, გეოპოლიტიკურადაც. მე არა მგონია, რომ რუსი ტურისტებისთვის კვერცხების სროლა ჩვენ გეოპოლიტიკურად გაგვაძლიერებს, ან რამენაირად წვლილს შეიტანს ჩვენი ტერიტორიების დაბრუნებაში“ , - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ნინი ქეთელაური