ლოქდაუნის დროს პარიზის რესტორნების ფარულ მუშაობაზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო

საფრანგეთში დიდი აჟიოტაჟი მოყვა ტელეარხ М6-ის რეპორტაჟს, რომლის ფარულ კადრებში ნაჩვენები იყო, თუ როგორ მუშაობენ პარიზის ძვირად ღირებული რესტორნები ლოქდაუნის დროს. რეპორტაჟში ერთ-ერთი ვახშმის ორგანიზატორი ამტკიცებდა, რომ ლოქდაუნის დროს პარიზის რესტორნებში რამდენიმე მინისტრიც შეუმჩნევია. თუმცა რომელ მინისტრებზეა საუბარი, ჯერ-ჯერობით, არ კონკრეტდება.

ფარული ვახშმის კადრები საფრანგეთის მედიასა და ინტერნეტში სწრაფად გავრცელდა. რეპორტაჟში ერთ-ერთი რესტორნის თანამშრომელი იმასაც აცხადებს, რომ არანაირი შეზღუდვა არ ეხებათ და რესტორანში ნიღაბსაც კი არავინ ატარებს.

„თუკი ამ კარს შემოაღებთ, ნახავთ, რომ ჩვენთან კოვიდი არ არსებობს“, - აცხადებს ტელეარხ М6-ის რესპოდენტი.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა პარიზის პოლიციის პრეფექტს მოუწოდა, გავრცელებული ფაქტების სინამდვილე გადაამოწმოს.

„თუკი ეს ფაქტები დადასტურდება, ფარული ვახშმების ორგანიზატორები და მონაწილეები პასუხისგებაში მიეცემიან,“ - აცხადებს მინისტრი.

პარიზის პოლიციის პრეფექტურაში ფარული ვახშმების ორგანიზატორების და მონაწილეების გამოვლენის მიზნით გამოძიება დაწყებულია.

„თუკი ამ გამოძიების ფარგლებში მინისტრები ან დეპუტატები გამოვლინდებიან, ისინი უნდა დაჯარიმდნენ და დაისაჯონ ისე, როგორც ეს საფრანგეთის ნებისმიერ მოქალაქეს შეეხებოდა“, - აცხადებს მოქალაქეთა საქმეთა მინისტრ-დელეგატი მარლენ შიაპა.

თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრი ბრუნო ლე მერი დარწმუნებულია, რომ ფარულ ვახშმებს არც ერთი მინისტრი არ ესწრება.

„ჩემთვის მეტად საინტერესო იქნებოდა, ამ რესტორატორს მინისტრების ვინაობა რომ დაესახელებინა,“ - აცხადებს ლე მერი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ