,,სამწუხაროდ, ყველაზე უარესი ჯერ გავლილი არ გვაქვს, წინ არის“ - გიგა ბედინეიშვილი

,ეკონომიკას ასე ახასიათებს, როცა ის რაღაც პერიოდი უმოქმედოდაა, მთავარი ცუდი შედეგები დროში იჩენს თავს“,-ამის შესახებ ფინანსისტმა, გიგა ბედინეიშვილმა რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, პანდემიასთან ბრძოლა „ჩააფლავა“ ხელისუფლებამ, ახლა „ფლავდება“ ვაქცინაცია და ეს იწვევს ეკონომიკის დამუხრუჭებას. რაზეც სრული პასუხისმგებლობის წილი ხელისუფლებაზეა.

„არსებული რეალობის გაუმჯობესების დაწყებამდე, ვითარება კიდევ გაუარესდება. სამწუხაროდ, ყველაზე უარესი ჯერ გავლილი არ გვაქვს, წინ არის. ეკონომიკას ასე ახასიათებს, როცა ის რაღაც პერიოდი უმოქმედოდაა, მთავარი ცუდი შედეგები დროში იჩენს თავს. მათ შორის, გაზრდილი უმუშევრობა, გაღარიბებული მოსახლეობა და ა.შ. ახლა ინფლაციის პროცესიც შედარებით დაბალი ტემპით მიდის, სამომავლოდ კი მეტად ფასების ზრდას უნდა ველოდეთ.

რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, ის დიდხანს კიდევ არ გვექნება. დიდი ხანია საექსპერტო წრეები ვსაუბრობთ, რა ნაბიჯებია გადასადგმელი, რომ რეალურად პოზიტიური ძვრები მოხდეს. არ მომხდარა შეჯერება და ანალიზი, რა იქნებოდა ეკონომიკის სრული ჩაკეტვის ზიანი და სარგებელი. პანდემიასთან ბრძოლა ჩააფლავა ხელისუფლებამ, ახლა ფლავდება ვაქცინაცია. ამასთან გაყალბებული არჩევნების გამო ვართ პოლიტიკურ კრიზისში. ასე რომ, ყველა პასუხისმგებლობა ახლა, ხელისუფლებაზეა“-განაცხადა ბედინეიშვილმა.

მისივე თქმით, საეჭვოა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2019 წლის ნიშნულს 2022 დაუბრუნდეს.

,,ახლა მხოლოდ ჯადოსნური ჯოხითაა ფონს გასვლა შესაძლებელი, ვიწროდ განსაზღვრული ეკონომიკური ნორმა არ არსებობს, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს ამ მდგომარეობიდან. მაინც შეგვიძლია ეკონომიურ სფეროში გასაღებზე ვისაუბროთ, მიუხედავად იმისა, არ მჯერა, რომ მხოლოდ ამაში დევს ვითარების გაუმჯობესების გასაღები. საჭიროა, დრამატულად შევამციროთ ხარჯები. სხვა გამოსავალი არ არის. ამასთან, ერთად პოლიტიკური ლანდშაპტი უნდა შეიცვალოს, თუ მართლა პოზიტიური ძვრები გვინდა.

კარგი დრო პარაზიტი საჯარო მოხელეების სამსახურიდან გასაშვებად არ არსებობს. არც პენდემიის და არც სიმშვიდის დროს. ამიტომ, ამას სჭირდება პოლიტიკური ნება. სხვა შემთხვევაში გამოსავალი არ არის. ხარჯების შემცირებას ალტერნატივა არ აქვს.

ეკონომიკური ზრდა, საბაზო ეფექტის გამო იქნება ალბათ 2-3% და არა დაანონსებული 4%. მაგრამ მე მეშინია, რომ 2019 წლის მაჩვენებელს 2022-შიც ვერ დავუბრუნდებით ამ განვითარების ტემპით. ამისთვის საჭიროა ტურიზმის სრულად აღდგენა, რაც ვერ მოხდება“, - განაცხადა ბედინეიშვილმა ,,საქმეში“.

თამარ მუკბანიანი