„ჩვენი ეკონომიკის ძირითადი შემოსავლები არის ტურიზმისგან და ამიტომ, ამ სექტორის აღდგენას არის ძალიან მნიშვნელოვანი“,- ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ რადიო "პალიტრისა" და "პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისი თქმით, ის, რომ ნებისმიერი სხვა ტიპის მცდელობა, მათ შორის სახელმწიფო ობიექტების პრივატიზაცია და სამინისტროების კოორდინირებული მუშაობა, ეკონომიკის ვარდნას შეაჩერებს, „აბსოლუტური ფანტაზიაა“.
ცნობისთვის, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკის აღდგენა 2022 წლის ბოლომდე ნაკლებ სავარაუდოა.
„მე მგონია, რომ რეალისტურია ეს პროგნოზი. რა თქმა უნდა, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად გავაკონტროლებთ კოვიდთან დაკავშირებულ სიტუაციას. პირველ რიგში, ეს არის ვაქცინაციის ჩატარების ტემპები და მასშტაბი, რასაც ყველაზე დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს ხელისუფლებამ. რა თქმა უნდა, ეს აგრეთვე დამოკიდებულია კოვიდ სიტუაციაზე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ იმ ქვეყნებში, საიდანაც ჩვენთან შემოდის ტურისტი. ჩვენი ეკონომიკის ძირითადი შემოსავლები არის ტურიზმისგან და ამიტომ, ამ სექტორის აღდგენა არის ძალიან მნიშვნელოვანი“,- განაცხადა გიორგი ქობულიამ.
კითხვაზე, გარდა ტურიზმის სექტორის სწრაფი აღდგენისა, არსებობს თუ არა რაიმე სხვა მექანიზმი, რომ საქართველოს ეკონომიკის ვარდნა შეჩერდეს,- ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ - არა.
„არანაირი სხვა ბერკეტი დღეს ჩვენ არ გვაქვს. ვერანაირი კოორდინირებული მუშაობა, ვერცერთი სამინისტროსი ვერ მოახდენს კომპენსაციას იმ დანაკარგების, რომელიც ჩვენ ვნახეთ ტურიზმის დაკარგვით. ყველასთვის რომ გასაგები იყოს, ტურიზმს 2018-2019 წლებში შემოჰქონდა 3,5 მლრდ დოლარი საქართველოს ეკონომიკაში. ეს არის უზარმაზარი თანხა, რომლის მცირე წილის კომპენსირებაც კი შეუძლებელია ნებისმიერი პრივატიზაციით, რომელსაც ყველაფერთან ერთად, ძალიან დიდი დრო უნდა. ეს არის აბსოლუტური ფანტაზია, რომ რამე სხვა ხერხით ეკონომიკის აღდგენას შევძლებთ“,- განაცხადა გიორგი ქობულიამ.