პანდემიამ ელექტრონული კომერციის ბუმი გამოიწვია.
2020 წელს მსოფლიოში ელექტრონული კომერციის ბაზარი, წინა წელთან შედარებით გაორმაგდა. თუკი 2019 წელს ბრუნვა შეადგენდა 2,3 ტრილიონ დოლარს, შარშან ეს მაჩვენებელი 4,5 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა. სხვადასხვა პროგნოზით, წელს ელექტრონული კომერციის ბაზარმა შესაძლოა, 5 ტრილიონ დოლარსაც კი გადააჭარბოს.
Eurostat-ის 12-თვიანი კვლევის მიხედვით, 2020 წელს 16-დან 74-წლამდე ასაკის ევროკავშირის მოქალაქეების 89% ინტერნეტმომხმარებელია. მათგან 72%-მა ინტერნეტით შეიძინა და შეუკვეთა პირადი მოხმარების საგნები ან სხვადასხვა სახის მომსახურება. 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, ევროპაში ონლაინ-შოპინგი 4%-ით გაიზარდა (2019 წელს - 68%).
ონლაინ-შოპინგით 10-დან 8 ინტერნეტმომხმარებელი იყო დაკავებული ნიდერლანდებში (91%), დანიაში (90%), გერმანიაში (87%), შვედეთში (86%) და ირლანდიაში (81%). ევროზონის გარეთ კი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს დიდ ბრიტანეთს - 92%, შემდეგ ნორვეგიას - 87%, ისლანდიას და შვეიცარიას თანაბრად - 83%.
ფეხსაცმელი, ტანსაცმელი და აქსესუარები ევროპაში ინტერნეტით ყველაზე გავრცელებულ შენაძენს წარმოადგენს. 2020 წლის ბოლო სამ თვეში ინტერნეტით ყველაზე მეტად გაიყიდა ტანსაცმელი (სპორტული ტანსაცმლის ჩათვლით), ფეხსაცმელი და აქსესუარები, რაც ინტერნეტმომხმარებელთა 64%-მა შეუკვეთა. მეორე ადგილზეა ფილმები და სერიალები, რომლებსაც 32%-მა სტრიმინგ-სერვისით უყურა ან გადმოწერა. ინტერნეტმომხმარებელთა 29%-მა რესტორნებიდან და სწრაფი კვების ობიექტებიდან მიწოდების სერვისით ისარგებლა. ავეჯი, საყოფაცხოვრებო ნივთები და მებაღეობის პროდუქტები 28%-მა შეიძინა, ხოლო კოსმეტიკის, სილამაზისა და გამაჯანსაღებელი პროდუქტები - 27%-მა. ამავე რაოდენობამ შეიძინა გამოცემული წიგნები და ჟურნალ-გაზეთები. ინტერნეტმომხმარებელთა 26% კომპიუტერების, პლანშეტების, მობილური ტელეფონებისა და მათი აქსესუარების შემძენია.
რაც შეეხება აშშ-ს, Digital Commerce-ის მონაცემებით, 2020 წელს აშშ-ს ელექტრონულ კომერციაში მომხმარებლებმა 861,12 მლრდ დოლარი დახარჯეს, რაც 2019 წლის დანახარჯს 44%-ით აღემატება. ეს ბოლო 20 წლის განმავლობაში ამერიკაში ელექტრონული ვაჭრობის წლიური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2019 წლის 15,1%-იანი ზრდა 2020 წელს თითქმის გასსამაგდა. პანდემიური აფეთქება რომ არა, ელექტრონულ გაყიდვებზე დანახარჯი 861,12-მილიარდიანი დოლარის ნიშნულს 2022 წლამდე ვერ მიაღწევდა. 2020 წელს ონლაინ-გაყიდვების წილმა ამერიკის შერეული სასაქონლო გაყიდვების მთლიანი ოდენობიდან (4,04 ტრილიონი დოლარი) 21% შეადგინა. წლიური ზრდის ასეთი 5%-იანი ნახტომი აშშ-ს შერეული სასაქონლო ონლაინ-გაყიდვების ისტორიას ჯერ არ ახსოვს. ეს მაჩვენებელი წელიწადში 2%-საც კი ვერ აღწევდა.
საბაზრო და სამომხმარებლო მონაცემთა პროვაიდერი კომპანია statista-ს პროგნოზით, ამერიკაში ონლაინ-შოპინგის წლიური შემოსავალი მომდევნო წლებშიც მზარდი იქნება. თუკი 2020 წელს აშშ-ში ელექტრონული კომერციის შემოსავალი 431,6 მლრდ დოლარი იყო, 2021 წელს 469,2 მლრდ დოლარამდე გაიზრდება, 2025 წლისთვის კი 563,4 მლრდ დოლარს მიაღწევს.
ონლაინ-შოპინგის პლატფორმების აპლიკაცია oberlo-ს მონაცემებით, აშშ-ს გაყიდვებში მოდის პროდუქცია ლიდერობას მომდევნო წლებშიც შეინარჩუნებს. მოელიან, რომ დანახარჯი მზარდი იქნება და მხოლოდ ამ სეგმენტში 2023 წელს ამერიკელები 168,1 მლრდ დოლარს დახარჯავენ. ევროპელებისგან განსხვავებით, ამერიკელები მოდის პროდუქციის შემდეგ, უპირატესობას კომპიტერულ ტექნიკასა და სხვა ელექტრონულ მედიასაშუალებებს ანიჭებენ, შემდეგ კი საყოფაცხოვრებო ნივთებს, ტექნიკას, ავეჯს და ბოლოს პირადი ჰიგიენი საგნებს.
მთელ მსოფლიოში ელექტრონული კომერცია მომდევნო წლებშიც მზარდი იქნება. oberlo-ს მონაცემებით, 2021 წელს მსოფლიოში ონლაინ-შოპინგს 2,14 მილიარდი ადამიანი განახორციელებს. 2020 წელს ეს მაჩვენებელი 2,05 მლრდ იყო, 2019 წელს კი ონლაინ პროდუქცია 1,92 მლრდ ადამიანმა შეიძინა.
2021 წელს ელქტრონული კომერციის მთლიანი შემოსავალი 2,7 ტრილიონ დოლარს შეადგენს. შემოსავლების ყველაზე მოთხოვნადი დარგი ისევ მოდის ინდუსტრია იქნება. ვარაუდობენ, რომ მიმდინარე წელს მოდის პროდუქციაზე 759,5 მლრდ დოლარი დაიხარჯება, რაც ელქტრონული კომერციის მოსალოდნელი მთლიანი შემოსავლების 27,9%-ია.
ექსპერტების გათვლებით, მომავალი 20 წლის განმავლობაში პროდუქციის უდიდეს ნაწილს მომხმარებელი უკვე ელექტრონულად შეიძენს, შესყიდვების უმრავლესობა კი მობილური ტელეფონებიდან განხორციელდება.