თურქეთში წლიურმა ინფლაციამ მარტში 16 პროცენტს გადააჭარბა. ეს 2019 წლის შემდეგ ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც ქვეყნის ცენტრალური ბანკის ახალ მმართველ საჰაპ კავჩიოგლუზე ზეწოლას აძლიერებს.
წლიდან წლამდე გადაანგარიშებით, სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპმა 16.19 პროცენტს მიაღწია. თებერვლის მაჩვენებელი 15.61 პროცენტი იყო, „როიტერსის“ მიერ ეკონომისტებს შორის ჩატარებული გამოკითხვა კი ინფლაციას 16.11 პროცენტის ფარგლებში პროგნოზირებდა.
უკვე ოთხი წელია, რაც თურქეთში ინფლაციის მაჩვენებელი, ცენტრალური ბანკის მიერ არჩეულ, მიზნობრივ 5-პროცენტიან დონეზე გაცილებით მაღლა იმყოფება. უფრო მეტიც, ამ ოთხ წელიწადში ინფლაციის დონე მუდმივად ორნიშნა რიცხვით გამოისახება.
თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტის მაჩვენებლებით, თვიდან თვემდე პერიოდში, სამომხმრებლო ფასების ზრდა 1.08 პროცენტს შეადგენს. „როიტერსის“ გამოკითხვის საშუალო პროგნოზული მაჩვენებელი 1.04 პროცენტი იყო.
თურქეთის ცენტრალური ბანკის აწ უკვე ყოფილმა მმართველმა ნაჩი აგბალმა ლირაზე საპროცენტო განაკვეთი 10.25-დან 19.00 პროცენტამდე ასწია, რაც იმის მიზეზი გახდა, რომ პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოგანმა თანამდებობა დაატოვებინა. აგბალმა ამ თანამდებობაზე სულ ოთხი თვე გაატარა.
პრეზიდენტის ასეთი ხისტი ქმედების მიზეზი ის გარემოება გახდა, რომ განაკვეთის ზრდამ ლირის 12-პროცენტიანი ვარდნა გამოიწვია. ერდოღანმა ბოლო ორ წელიწადში ცენტრალური ბანკის მმართველი უკვე მეოთხედ შეცვალა. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ მმართველის ხშირი ცვლა, ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის მიმართ ნდობას ლახავს, რაც ქვეყნის ვალუტის გრძელვადიან ვარდნას განაპირობებს. შესაბამისად, ამას შედეგად, იმპორტზე ფასების ზრდა და ინფლაციის მაღალი ტემპი მოჰყვება.