IRI - მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დროს, საქართველოს მოქალაქეებს აწუხებთ ეკონომიკური პრობლემები და პანდემია

მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დროს, საქართველოს მოქალაქეებს ეკონომიკური პრობლემები და პანდემია აწუხებთ, - ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტის (IRI) კვლევაშია აღნიშნული.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველი ეროვნული მასშტაბის საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა, რომელიც აჩვენებს მოქალაქეების შეშფოთებას ეკონომიკური საკითხების მიმართ და უკმაყოფილებას მთავრობის მიერ კორონავირუსის მართვის პროცესისადმი.

როგორც IRI აცხადებს, ამ მიგნებების პარალელურად, მმართველი და ოპოზიციური პარტიები ჯერ კიდევ ვერ აღწევენ შეთანხმებას წინა წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ არსებულ სადავო საკითხებზე.

„წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევები აჩვენებდა, რომ საქართველოს მოსახლეობა გამოირჩეოდა მუდმივი ოპტიმიზმით. როგორც ჩანს, ეს ტენდენცია იცვლება. მოქალაქეები სულ უფრო მეტად ღელავენ ეკონომიკურ საკითხებზე, პანდემიასა და მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე“, - განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის დირექტორმა სტივენ ნიქსმა.

IRI კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 76% თვლის, რომ გასული წლის განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა „მეტ-ნაკლებად გაუარესდა“ (37%) და „მნიშვნელოვნად გაუარესდა" (39%).

„გამოკითხულთა 63% მიიჩნევს, რომ მათი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, ხოლო 71% თვლის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა „მეტ-ნაკლებად“ ან „ძალიან“ ცუდია. გარდა ამისა, გამოკითხულთა 65% უმუშევრობას ქვეყნის წინაშე მდგარ უმნიშვნელოვანეს პრობლემად ასახელებს, 41% თვლის, რომ ეს პრობლემა მწვავედ დგას მათ ქალაქში, ხოლო 34% ამბობს, რომ უმუშევრობა მათი ოჯახებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემაა“, - აღნიშნულია კვლევაში.

ცნობისთვის, კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. საანგარიშო პერიოდი 2021 წლის 2-26 თებერვლია.

საველე სამუშაოები IPM-ის მიერ ჩატარდა. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 75 პროცენტი.

კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.