რამდენი რესტორანი, ბაღი და სპორტკომპლექსი ითხოვს თანადაფინანსების მექანიზმში ჩართვას

„თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის, სპორტული ობიექტების და საბავშვო ბაღების ხელშეწყობისთვის" პროგრამის ფარგლებში „აწარმოე საქართველოში“ 1000-ზე მეტი განაცხადი შევიდა.

როგორც „ბიზნესპრესნიუსის“ მიერ სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ხდება ცნობილი, სარესტორნო ინდუსტრიიდან მიმართვების მიღების მე-2 ეტაპზე სულ 803 განაცხადი შევიდა; სპორტული ობიექტების მიმართულებით - 117, ხოლო საბავშვო ბაღის მიმართულებით - 100 მიმართვა.

„ამასთან, გაცნობებთ, რომ დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს მიმართვებისა და შესაბამისი განაცხადების გადარჩევის/დამუშავება, რის შედეგადაც შესაძლოა, შეიცვალოს მიმართვების ზემოხსენებული რაოდენობები.

აღნიშნული ეტაპის დასრულების შემდგომ კი დაიწყება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აწარმოე საქართველოში მიერ შესაბამისი ფინანსური ინსტიტუტებისათვის თანადაფინანსების/სუბსიდირების თანხების გადარიცხვის პროცესი“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ აწარმოე საქართველოში.

ცნობისათვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ „თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის, სპორტული ობიექტების და საბავშვო ბაღების ხელშეწყობისთვის" პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება 8 თებერვლიდან დაიწყო და 5 მარტს დასრულდა.

პროგრამა მოიცავს სამ კომპონენტს:

  • სესხის თანადაფინანსების კომპონენტი
  • სალიზინგო პროექტის თანადაფინანსების კომპონენტი
  • მიკრო სესხის თანადაფინანსების კომპონენტი

აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს, 2020 წლის 1-ელ დეკემბრის მდგომარეობით, მეწარმე სუბიექტის სესხის/ლიზინგის საგნის /მიკრო სესხის ძირის ნაშთზე მომდევნო 6 თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას, რომელიც დაითვლება ამ სესხზე/ლიზინგის საგანზე /მიკრო სესხზე 1-ელ დეკემბრის მდგომარეობით არსებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით.

  • არაუმეტეს 80 %-ის ოდენობით, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში;
  • არაუმეტეს 70 %-ის ოდენობით, უცხოურ ვალუტაში (მხოლოდ დოლარი, ევრო) გაცემული სესხის შემთხვევაში