Reuters-ის ცნობით, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი დევიდ მალპასი მოელის, რომ აშშ და ჩინეთი, აგრეთვე, G20-ის სხვა წამყვანი ქვეყნები ორმხრივი ვალის გადახდის გაყინვის ვადას წლის ბოლომდე გააგრძელებენ. G20-ის ქვეყნები მიმდინარე კვირას საგაზაფხულო სამიტზე უნდა შეიკრიბონ. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ორმხრივი ვალის გადახდის გაყინვის ინიციატივა G20-ის ქვეყნებს უკვე დაეხმარა 2020 წლის ბოლომდე 5,7 მლრდ დოლარის ვალის გადავადებაში, ხოლო ივნისის ბოლოსთვის 7,3 მლრდ დოლარის სესხის გადავადებას მოელიან.
დევიდ მალპასის თქმით, ვალის გადახდის გაყინვის წლის ბოლომდე გადავადება კიდევ უფრო მეტი ფულის ეკონომიას გამოიწვევს, რასაც ეს ქვეყნები COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლასა და თავიანთი ეკონომიკის მხარდაჭერას მოახმარენ. თუმცა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი აქვე აცხადებს, რომ ვალის ასეთი გადავადება ბოლოჯერ მოხდება, რაც G20-ის ქვეყნებმა უნდა გაითვალისწინონ.
მსოფლიო ბანკის მიერ ვალის გადახდის მხრივ 35 ქვეყანა შეფასებულია, როგორც „მაღალი რისკის ქვეშ“ ან „რისკის ქვეშ“ მყოფი ქვეყნების კატეგორიით. მალპასის თქმით, ჩინეთი დღეს მსოფლიოში უმსხვილესი ორმხივი კრედიტორია და 2020 წელს ის აქტიურად მონაწილეობდა ვალის გადავადების საკითხზე G20-ის ქვეყნების დისკუსიაში, თუმცა ამ მხრივ დამატებითი სამუშაოებია ჩასატარებელი.
მსოფლიო ბანკის მთავარი პრიორიტეტია საერთაშორისო განვითარების ასოციაციის რესურსების შევსება ღარიბი ქვეყნების დახმარების მიზნით, რის მიღწევასაც წლის ბოლომდე მოელის.
თავის მხრივ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ 28 ღარიბი წევრი-ქვეყნისთვის გრანტის მესამე ტრანში დაამტკიცა, რომელიც კატასტროფის შეჩერებისა და დახმარების ფონდის (CCRT) ფარგლებში გამოიყო. 238 მლნ დოლარის გრანტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ ამ ქვეყნების სესხის გადასახადებს 15 ოქტომბრის ჩათვლით დაფარავს. ეს ღარიბ ქვეყნებს ხელს შეუწყობს, გამოათავისუფლონ სახსრები COVID-19-თან ბრძოლის მიზნით და შეამცირონ პანდემიის ეკონომიკური ზიანი.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ