„ღამით მოძრაობის შეზღუდვა ეპიდემიის კონტროლის საშუალებას გვაძლევს და ამ შეზღუდვის მოხსნა აბსოლუტურად გაუმართლებელია"

ღამით მოძრაობის შეზღუდვა ეპიდემიის მეტ-ნაკლებად კონტროლის საშუალებას გვაძლევს, ეს ისედაც ძალაშია და ასეც უნდა დარჩეს, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, წმინდა ეპიდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ღამით მოძრაობის შეზღუდვის მოხსნა აბსოლუტურად გაუმართლებელია.

„გააჩნია, სად იქნება ყველაზე მეტი ესკალაციის მიდგომები, თუ ესაა სოფლად, მაშინ სხვაგვარი მიდგომაა საჭირო, თუ ეს დიდ ქალაქშია, მაშინ სხვაგვარად უნდა მივუდგეთ. ყველაზე ეფექტური, რაც გვაძლევს ეპიდემიის მეტ-ნაკლებად კონტროლის საშუალებას, ღამით მოძრაობის შეზღუდვაა, ეს ისედაც ძალაშია და ასე უნდა დარჩეს. რაც შეეხება სოფლად, მოსახლეობის აქტიური ტესტირებაა ეფექტური გზა.

დღეს ეპიდემიური სიტუაცია უკიდურესად სარისკოა, ამდენად ღამით მოძრაობის შეზღუდვა ერთ-ერთი ქმედითი მექანიზმია, რომელიც შემთხვევების უკონტროლო მაჩვენებლისა და მობილობის კონტროლის საშუალებას გვაძლევს. წმინდა ეპიდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ შეზღუდვის მოხსნა აბსოლუტურად გაუმართლებელია“, - განაცხადა გაბუნიამ.