თამარ გაბუნიას ინფორმაციით, კონკრეტული შეზღუდვების გეგმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ჯერ არ შემუშავებულა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას ინფორმაციით, კონკრეტული შეზღუდვების გეგმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ჯერ არ შემუშავებულა.

როგორც გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე დასაკვირვებლად რამდენიმე კვირა რჩება. მისივე თქმით, ძალაში რჩება ის ზოგადი წესები, რომელიც ეკლესიებში ხალხმრავლობის შემცირებისთვის და დისტანციის დაცვისთვის გამოიყენებოდა.

„ჯერჯერობით რაიმე კონკრეტული შეზღუდვის გეგმა აღდგომის დღესასწაულისთვის მომატებული მობილობის გონივრულ ფარგლებში შესანარჩუნებლად დღეს არ არის. მიდის საუბარი ზოგად ღონისძიებებზე. გადამწყვეტი იქნება მომდევნო კვირა, რადგან აღდგომის დღესასწაულამდე რჩება რამდენიმე კვირა იმისათვის, რომ ვნახოთ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია როგორი იქნება. რა თქმა უნდა, ძალაში რჩება ის ზოგადი წესები, რომელიც არის მსგავსი ტიპის ღონისძიებებზე, ეკლესიებში ხალხმრავლობის შემცირებისთვის და გარე სივრცის გამოყენების კუთხით. მეტ კონკრეტიკას შემოგთავაზებთ ცოტა მოგვიანებით“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.