ლარი, ყველაზე ჯანსაღი ერთეულია ქართულ სინამდვილეში, თუმცა ის ასახავს იმ ავადმყოფობას, რაც სჭირს ქართულ ეკონომიკას“, - ამის შესახებ პროფესორმა ლადო პაპავამ ლარის კურსის ბოლო გაუფასურების შეფასებისას რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
პროფესორი ამბობს, რომ გაუფასურების მიზეზები კომპლექსურია და მათგან ყველაზე მეტად პანდემია და ლირის გაუფასურება მოქმედებს ეროვნულ ვალუტაზე.
,,პრობლემა კომპლექსურია და არ შეიძლება ლარის გაუფასურებას მხოლოდ ერთი ფაქტორი განაპირობებდეს. ზოგადად, ფონი არის კრიზისული, რაც გლობალურად კორონა პანდემიამ გამოიწვია. ეს ნებისმიერი ქვეყნის ვალუტის სტაბილურობაზე ახდენს გავლენას. უარყოფით ფაქტორებს შორისაა, აშშ დოლარის გამყარება, რომელიც მიდის მთელს მსოფლიოში და რყევები, რომელმაც ბოლო დროს თურქული ლირის გაუფასურება გამოიწვია. ეს გადაცემით აისახება ქართულ ლარზე, რადგან თურქეთი ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. ასევე პოლიტიკური პროცესები, რომელიც ქვეყნის შიგნით მიდის.
რომ მივუბრუნდეთ გარე ფაქტორს და ლირის გაუფასურებას, მყისიერად, ცხადია ეს ვერ ჰპოვებდა ასახვას, რომ არ მოქმედებდეს განწყობები და მოლოდინებიც. უნდა ითქვას, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ლარი ყველაზე ჯანსაღი ეკონომიკური პროექტია, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში შეიქმნა. მიუხედავად კატაკლიზმებისა, მთავრობათა მიერ წლების განმავლობაში დაშვებული შეცდომებისა, ყველაზე ჯანსაღი ერთეულია ქართულ სინამდვილეში, თუმცა ის ასახავს იმ ავადმყოფობას, რაც სჭირს ქართულ ეკონომიკას“- განაცხადა პაპავამ ,,საქმეში“.
ცნობისთვის, გასულ კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.420 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.371-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 1.45%-იანი გაუფასურებაა. დღეის მდგომაროებით კი, 1 აშშ დოლარი 3.41 ლარი ღირს.