შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში იგეგმება, რომ სოციალური ღონისძიების ორგანიზების მიზნით, ფართის გაქირავება აიკრძალოს, ან შეიზღუდოს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ფართის მესაკუთრე იმ შემთხვევაში გათავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, თუ ხელშეკრულებაში მიუთითებს, რომ არ შეიძლება სოციალური ღონისძიების ორგანიზებისთვის ფართის გადაცემა და ასეთი ფაქტის არსებობის შემთხვევაში, ინფორმაციას საზედამხედველო უწყებებს მიაწვდის.
„როგორც მოგეხსენებათ, შრომის ინსპექცია სხვადასხვა მაკონტროლებელ უწყებებთან ერთად გეგმურად ახორციელებს ზედამხედველობას მთელი საქართველოს მასშტაბით. ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა შემთხვევები, როდესაც ფორმალურად, ფართის მესაკუთრე იჯარის ხელშეკრულებით გადასცემს მესამე პირს ფართს ღონისძიების ორგანიზებისთვის. მედიის საშუალებით მოქალაქეებმა ნახეს, თუ რა ხდებოდა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, სადაც დაახლოებით 20-მდე ობიექტი დავაჯარიმეთ ღამის კლუბებისა და სხვადასხვა სოციალური ღონისძიების ორგანიზებისთვის. შესაბამისად, ვინაიდან ამ გარემოებამ მეტად ფორმალური სახე მიიღო და ხშირ შემთხვევაში, წინასწარ განზრახვით ხორციელდება ფართის გაქირავება სოციალური ღონისძიებისა და სხვადასხვა ღამის კლუბის ორგანიზების მიზნით, მიმდინარეობს მსჯელობა და საბოლოო კონსულტაციებს გავდივართ უწყებები. უახლოეს პერიოდში დაგეგმილი გვაქვს, რომ ავკრძალოთ ან შევზღუდოთ ფართის გაქირავება სოციალური ღონისძიების ორგანიზების მიზნით, რომელიც არის წინასწარ განზრახული. იმ შემთხვევაში გათავისუფლდება მესაკუთრე პასუხისმგებლობისგან, თუ ხელშეკრულებით თავს დაიზღვევს და მიუთითებს, რომ სოციალური ღონისძიება არ უნდა გაიმართოს და ასეთის არსებობის შემთხვევაში, თუ მას ინფორმაცია ექნება, საზედამხედველო უწყებებს ინფორმაციას მიაწვდის. ხედავთ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება დღითი დღე მძიმდება. საქართველოს მთავრობა ყველა ღონეს იყენებს იმისთვის, რომ პრევენცია მოხდეს და შემდგომი შეზღუდვები არ დადგეს დღის წესრიგში, ვინაიდან ეკონომიკური მდგრადობა, დასაქმების ადგილები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისევე, როგორც თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ბოლო პერიოდში მასშტაბური ღონისძიებები იმართებოდა, სადაც 200-300 ადამიანი მონაწილეობდა. ეს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების კუთხით მნიშვნელოვნად იწვევდა ინფიცირების მაჩვენებლის მატებას“,- განაცხადა ფერაძემ.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება.
„სოციალური ღონისძიების ორგანიზება ნაბადართული არ არის. შესაბამისად, როდესაც ღამის კლუბს ან რესტორანს ვაქირავებთ, ცხადია, ერთჯერადი გაქირავების მიზანი უმეტეს შემთხვევაში არის ის, რომ რეგულაციების გვერდის ავლით მაინც განხორციელდეს ესა თუ ის ღონისძიება და ამით დაბალი ფინანსური სანქცია მიიღოს ობიექტმა, ხოლო გამეორების შემთხვევაში, თავი აირიდოს პასუხისმგებლობისგან. მიზანი არის პრევენცია, რომელიც თითოეულ მოქალაქეს დაიცავს. მესაკუთრემ უნდა განსაზღვროს, რომ არ შეიძლება სოციალური ღონისძიების ორგანიზებისთვის ფართის გადაცემა, თავი დაიზღვიოს და თუ მის ფართში რაიმე ღონისძიება ხორციელდება, რომელიც კანონმდებლობით არ არის ნებადართული და მას ამის შესახებ ინფორმაცია აქვს, საზედამხეველო უწყებებს უნდა აცნობოს, რითაც ის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება.
რაც შეეხება მონოტორინგს, მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება, როგორც შრომის ინსპექციის, ასევე სხვა საზედამხედველო უწყებების მიერ, რომლებიც ერთობლივ მონიტორინგს დღემდე ახორციელებდნენ“, - განაცხადა ფერაძემ.