პანდემიის ფონზე კერძო თვითმფრინავების გაყიდვები გაიზარდა

გასულ წელს კერძო თვითმფრინავების გაყიდვები არსებითად გაიზარდა, რადგან პანდემიის გამო მსოფლიო ტურისტული სექტორი პრაქტიკულად, გაჩერდა, ხოლო ათობით ავიაკომპანია გაკოტრდა.

საბროკერო კომპანია Colibri Aircraft-ის ინფორმაციით, მხოლოდ აშშ-ში მეორადი კერძო თვითმფრინავების გაყიდვები 2020 წელს 10%-ით ანუ 1,637 ერთეულამდე გაიზარდა. ამასთან, ამერიკაზე მსოფლიო გაყიდვების 70% მოდის. გაყიდვები ევროპის ბაზარზეც გაიზარდა.

MarketWatch-ის ინფორმაციით, მთელს მსოფლიოში გასულ წელს 2,227 კერძო თვითმფრინავი გაიყიდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 7,7%-ით მეტია. მათმა ჯამურმა ღირებულებამ 14,5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

„მეორადი თვითმფრინავებით ვაჭრობა წარმატებული გამოდგა. კორონავირუსის პანდემიამ კერძო თვითმფრინავების უპირატესობა პრივატული ფრენების გაზრდის გამო ნათელი გახადა,“ - განაცხადა Colibri Aircraft-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ოლივერ სტოუნმა.

მისივე თქმით, კომერციული ავიაციის სექტორი გასულ წელს განადგურდა, ხოლო ბიზნეს-ავიაცია შედარებით უკეთ გამოიყურებოდა და მან ბევრი ისეთი ახალი კლიენტი გაიჩინა, რომელსაც მანამდე კერძო თვითმფრინავით არასდროს უფრენია.

გამოცემის ცნობით, პანდემიის დროს საერთო სარგებლობის თვითმფრინავებში მჭიდრო კონტაქტის გამო ჯანმრთელობის მაღალი რისკი გაჩნდა და სწორედ ამან იქონია გავლენა კერძო სექტორის სერვისის გაზრდაზე.

ევროპული კომპანია GlobeAir-ის მონაცემებით, კერძო ფრენების დროს ადამიანებს შორის შემხებლობა და კვეთის წერტილი, კომერციულ ფრენასთან შედარებით, 700-ჯერ ნაკლებია. ამასთან, კერძო ავიაციის მგზავრები აეროპორტამდეც კერძო ავტომობილებით გადაადგილდებიან და არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ხოლო კერძო ტერმინალებში დეზინფექციურ-სანიტარული სამუშაოები უფრო ხშირად ტარდება, ვიდრე საერთო მოხმარების ტერმინალებში.

კოკა კვირკველია