საქართველოში მარწყვის წარმოების შემცირების პარალელურად, ფასი კიდევ უფრო ეცემა. ეს ერთი შეხედვით ალოგიკურია, თუმცა ამის მიზეზებს East fruit-ის ანალიტიკოსები განმარტავენ.
როგორც წესი, საქართველში მარწყვის აღების სეზონი მარტის ბოლოდან იწყება, მანამდე კი, ქვეყანაში თურქეთიდან იმპორტირებული პროდუქცია იყიდება. რაც შეეხება ადგილობრივ რეალიზაციას, აპრილის ბოლოდან იწყება. მიუხედავად, ამისა, ქვეყანაში იმპორტირებული მარწყვის შემოსვლის პერიოდი ივნისამდე გრძელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი პროდუქცია მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის.
East fruit-ის ყოველკვირეული ბაზრის მონიტორინგის თანახმად, 2021 წლის აპრილის პირველ კვირაში კარგი ხარისხის 1 კგ ადგილობრივი მარწყვის საშუალო, საბითუმო ფასი 8-9 ლარია, რაც ბოლო 3 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. რაც შეეხება თურქეთიდან იმპორტირებულს, თებერვალში 0,40 აშშ დოლარი შეადგინა. მართალია, მარტის მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ტრადიციულად, იმპორტირებული კენკრის ფასი მარტში 15-20% -ით იკლებს, აპრილში კი მარტის ფასების 50-60% -ის შეადგენს.
ალბათ, ლოგიკური იქნებოდა, რომ მოთხოვნის ზრდის პარალელურად, ადგილობრივი წარმოებაც გაზრდილიყო, თუმცა, პირიქით, სულ უფრო მცირდება.
EastFruit– ის ექსპერტების აზრით, ამის მთავარ მიზეზებს შორის რეგიონში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ამას ემატება ტურისტების ნაკლებობა საქართველოში და ასევე, „ჰორეკა“ სექტორზე მოთხოვნის შემცირება. გარდა ამისა, თურქული ლირის დევალვაციამ თურქული მარწყვის ექსპორტი კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა და განსაკუთრებით საქართველოს ბაზრისთვის.
ანალიტიკოსების აზრით, საქართველოში მარწყვის იმპორტის ზრდა ადგილობრივი ბაღის მარწყვის წარმოებას ხელს უშლის, რადგან ეს პირდაპირ გავლენას ფასზე ახდენს. თურქეთიდან იმპორტირებული ბევრად იაფია, ვიდრე ადგილობრივი ბაღის მარწყვი.
ოფიციალური მონაცემებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ბაღში მარწყვის წარმოება 2.5-ჯერ შემცირდა. კერძოდ, 2016 წელს 2 600 ტონიდან - 2019 წელს 1000 ტონაზე ჩამოვიდა.
როგორც EastFruit- ის ექსპერტებმა ფერმერებთან საუბრისას გაარკვიეს, წარმოების შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ის, რომ მარწყვი, რატომღაც, არ შედიოდა სახელმწიფო კომპენსაციის პროგრამაში "დანერგე მომავალი", ხოლო მოცვი, ჟოლო და მაყვალი შედის. ანალიტიკოსები თვლიან, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი გაუგებარია, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც, მარწყვი ყველაზე ფართოდ გავრცელებული კენკრაა - მსოფლიოში მისი წარმოებისა და მოხმარების მოცულობა კი აჭარბებს ჟოლოს, მაყვლისა და მოცვის მოხმარებას.
ამასთან, ფერმერები ჩივიან, რომ საქართველოში შეძენილი ნერგები, ხშირად დაბალი ხარისხისაა. ეს კი, ნერგების გამოყვანის მოძველებული ტექნოლოგიებითაა განპირობებული. შედეგად, ფერმერები ვერ იღებენ იმ რაოდენობის მოსავალს, რაც ჰექტარზე წინასწარ აქვთ გათვლილი.
ცნობისთვის, 2016 წლიდან, საქართველო წლიურად დაახლოებით, 718 ტონა იმპორტირებულ მარწყვს მოიხმარს. თუმცა, 2019 წელს, მაშინ, როდესაც ადგილობრივი წარმოება კიდევ უფრო შემცირდა, იმპორტირებული პროდუქტის მოხმარებამ 930 ტონაზე მეტი შეადგინა. მართალია, 2020 წელს ქვეყანაში მარწყვის იმპორტი პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო შემცირდა, თუმცა ტენდენცია მაინც იგივე რჩება - საქართველო სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული იმპორტირებულ მარწყვზე, ადგილობრივი წარმოება კი მცირდება. სამომავლოდ, თუ მარწყვის მოყვანა კვლავ სახელმწიფო დახმარების გარეშე აღმოჩნდა, ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ წარმოება კიდევ უფრო შემცირდება რადგან, წელს სავარაუდოდ, ადგილობრივი პროდუქტის ფასი ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება.